უცხოეთი
„რუსეთი რეგიონში მეზობლების მიმართ აგრესიულ ქმედებას განაგრძობს“

      საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთი განაგრძობს აგრესიულ ქმედებას რეგიონში მეზობლების მიმართ საარჩევნო პროცესში ჩარევითა და არადემოკრატიული იდეების სტიმულირებით. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ვაშინგტონში, ვუდროუ უილსონის სახელობის კვლევით ცენტრში გამოსვლისას განაცხადა.
ტილეროსნის თქმით, დასავლეთი ისწრაფვის პოსტსაბჭოთა რუსეთთან ახალი პროდუქტიული ურთიერთობებისკენ, რაც ჯერ ილუზიად ჩანს.
„გვსურს, რომ რუსეთი იყოს ევროპისა და ტრანსატლანტიკური საზოგადოების კონსტრუქციული მეზობელი, თუმცა ამ მხრივ არჩევანი თავად რუსეთმა უნდა გააკეთოს. რუსეთს შეუძლია, გააგრძელოს საკუთარი თავის იზოლირება და გაღარიბება, საზღვარგარეთ არეულობის მოწყობითა და ქვეყნის შიგნით თავისუფლების შეზღუდვით, ან მას შეუძლია, გახდეს ძალა, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის მოქალაქეების თავისუფლებებს და ევრაზიის სტაბილურობას“, – განაცხადა ტილერსონმა.
როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, აშშ-ის რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობები სურს, თუმცა უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების გარეშე ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების ნორმალიზება ვერ მოხდება.
“მე ვუთხარი რუსებს: ჩვენ ვერასდროს დავუბრუნდებით ნორმალურ ურთიერთობებს, ვიდრე უკრაინის საკითხს არ გადავწყვეტთ“, – თქვა სახელმწიფო მდივანმა.

1tv.ge