რელიგია
„ამერიკა ის ქვეყანაა, რომელსაც ჩვენთვის არ უღალატია, თავისუფლებისკენ მისწრაფების გამო კი რუსეთი რამდენი წელია, ღიად გვეომება!“ ანუ მეუფე იაკობის „ფერისცვალება“

      საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა (ერისკაცობაში კონსტანტინე იაკობიშვილი)  ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ  გააკეთა.
როგორც საქინფორმი იუწყებოდა, მას შემდეგ, რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსაყდრედ დანიშნა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი, რომელმაც სასულიერო განათლება რუსეთში, მოსკოვში მიიღო და სამეცნიერო ხარისხიც იქ დაიცვა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები და საქართველოში არსებული სხვა რელიგიების სასულიერო ლიდერები აშშ-ში გამოიძახეს.
„ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით, ძალიან ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედეთ. თან ყველაზე დიდი მნიშვნელობა ამ ვიზიტს იმიტომ ჰქონდა, რომ ნახოს ამერიკამ... ჯერჯერობით ეს ის ქვეყანაა, რომელსაც ჩვენთვის არ უღალატია იმ გზაზე, რომლისთვისაც ჩვენ ჩვენი თავისუფლების გამო, თავისუფლებისკენ მისწრაფების გამო რამდენი წელია რუსეთი ღიად გვეომება. ამიტომ, ამერიკის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ნახეს, რომ ეკლესიაც ისე ვართ, რომ არ ვაპირებთ ჩვენს მოწინააღმდეგეებთან რაღაც დათმობებზე წასვლას. თავისუფლების გაყიდვა არაფრად არ გვიღირს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
საქინფორმი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ აქამდე მეუფე იაკობი მოიაზრებოდა, როგორც ქართული ტრადიციული ულტრაეროვნული ფასეულობების მომხრე და მქადაგებელი, რასაც ყველა მისი ქადაგება თუ საჯარო გამოსვლა მეტყველებდა.

 


საქინფორმი