უცხოეთი
რუსეთი საქართველოსთვის სარაკეტო სისტემა Javelin-ის მიწოდებას აპროტესტებს

      საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები მიიღო. ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კარასინთან შეხვედრა გამართეს გაერო-ს წარმომადგენელმა ტურენენმა, ეუთოს თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიუნტერ ბეხლერმა და სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა.
შეხვედრაზე განიხილეს კავკასიის უსაფრთხოების საკითხები, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან საოკუპაციო ხაზზე შექმნილი მდგომარეობა, ასევე, საუბარი შეეხო 12-13 დეკემბერს დაგეგმილ ჟენევის დისკუსიების მოსამზადებელ ეტაპს. რუსეთმა თანათავმჯდომარეებს მოუწოდა, ადეკვატური შეფასება მისცენ შოტლანდიაში, ომში დაღუპული აფხაზების მემორიალის აღების ფაქტს. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს აქცია თბილისის გავლენით იყო ორგანიზებული და მსგავსი მოქმედებით საქართველო ძირს უთხრის დიალოგს და რეგიონში სიტუაცია ჩიხში შეჰყავს.
რუსულმა მხარემ კვლავ გააკეთა აქცენტი თბილისისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო თანამშრომლობის საფრთხეზე. განცხადებაში ნახსენებია პენტაგონის გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა Javelin-ი მიაწოდოს, რაც მსგავსი მასშტაბის პირველი სამხედრო შეთანხმებაა 2008 წლის შემდეგ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ აშშ-მა ქართველი სამშვიდობო კონტიგენტის მომზადების პროგრამა შეცვალა და ახლა რეგულარულ საბრძოლო დანაყოფებს ამზადებს.
მსგავს სამხედრო დახმარებას რუსეთი აფასებს, როგორც თბილისისთვის პირდაპირ ბიძგს რეგიონში ახალი სახიფათო თავგადასავლებისკენ. შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს განზრახვა, რომ ჟენევის ფორმატის დეპოლიტიზაციას შეეწყოს ხელი, რათა კონკრეტული შედეგები იქნას მიღწეული, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში.

1tv.ge