დახურულ კონფერენციაზე ამერიკელები საქართველოს სულიერ ლიდერებს რუსულ პროპაგანდაზე და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ელაპარაკნენ
რელიგია
დახურულ კონფერენციაზე ამერიკელები საქართველოს სულიერ ლიდერებს რუსულ პროპაგანდაზე და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ელაპარაკნენ

      საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები და საქართველოში არსებული სხვა რელიგიების სასულიერო ლიდერები აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობენ. საქართველოს დელეგაცია ვაშინგტონში მთელი დღის მანძილზე მართავდა შეხვედრებს ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. ისინი ესაუბრნენ სახელმწიფო მდივნის მოადგილეს დიპლომატიის საკითხებში შერონ ჰადსონ დინს, ასევე თომას მელიას, რომელიც არაერთი წლის მანძილზე კურატორობდა დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა საკითხებს სახელმწიფო დეპარტამენტში.
დელეგაციას საშუალება ჰქონდა, შეხვედროდა საზღვაო ძალების მეთაურობასაც. ამერიკულმა მხარემ „კურიერთან“ საუბარში არაერთხელ გაუსვა ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის ლიდერების ერთად ყოფნა. "ეს რამდენიმე კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, საქართველოსთან ხანგრძლივი ურთიერთობა გვაქვს. ავღანეთისა და ერაყის ომებში ქართველები მხარდამხარ დგანან. მნიშვნელოვანია, როდესაც გყავს რელიგიური ლიდერები, რომლებიც ჩამოდიან ერთად და წარმოადგენენ სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფს, აღმსარებლობას და ესმით, თუ როგორ გააკეთონ ეს ურთიერთპატივისცემით და ღირსეულად", - განაცხადა აშშ-ის საზღვაო ძალების კაპელანმა ბრენტ სკოტიმ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის თომას მელიას შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ეს ლიდერები ერთად მოგზაურობენ, მრავალფეროვანი დელეგაციის სახით. ატარებენ დროს არა მხოლოდ ამერიკელებთან, არამედ ერთმანეთთან ურთიერთობაში. როდესაც საკუთარი ოჯახური გარემოდან სამოგზაუროდ ერთად მიდიან, ზოგჯერ მეტად აცნობიერებენ, რომ ქართველებს უფრო მეტი აქვთ საერთო, ვიდრე ამას, შესაძლოა, შეიცნობდნენ სახლში სხვადასხვა მრევლთან, მეჩეთებსა თუ საზოგადოებაში", - აღნიშნა თომას მელიამ.
სინოდის წევრებმაც აღნიშნეს, რომ სასულიერო პირთა მრავალფეროვანი დელეგაციით მოგზაურობა მნიშვნელოვანია. მეუფე გრიგოლის თქმით,  ამერიკელებსაც შეუძლიათ, ეს სამაგალითოდ გამოიყენონ. მართლმადიდებელი ეკლესია ცდილობს, უჩვენოს ამერიკულ მხარეს, რომ საქართველოში სერიოზული რელიგიური პრობლემები არ არსებობს. ეს იყო ჩვენი გზავნილი, რომ ჩვენთან სერიოზული რელიგიური პრობლემა არ არის და თუ რაიმე ცალკეული ფაქტები იყო, ეს იყო პროვოცირებული გარკვეული პირების მიერ და ეს არ ახდენს გავლენას ჩვენს ისტორიულ ურთიერთობზე, რომელიც უკვე ჩამოყალიბებულია საუკუნეების მანძილზე, - განაცხადა რუსთავის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ.
გორის და ატენის მიტროპოლიტის განმარტებით, საქართველო ტრადიციული და ტოლერანტული ქვეყანაა, სადაც გვერდიგვერდ ცხოვრობდა ყველა რელიგიის წარმომადგენელი. "ზოგ შემთხვევაში კონფლიქტი და დაძაბულობა წარმოიქმნება კერძო პირების მიერ და სურთ ვიღაცებს, რომ ეს წარმოაჩინონ გაცილებით უფრო მტკივნეულად და მძაფრად, და რაც მთავარია, წარმოაჩინონ, რომ ეს არის მუდმივი მდგომარეობა, რაც წარმოადგენს სიცრუეს, - აცხადებს მეუფე ანდრია.
სასულიერო ლიდერები დღეს ამერიკულ მხარეს დემოკრატიის ეროვნულ ფონდშიც შეხვდებიან. დახურულ კონფერენციაზე დისკუსია რელიგიასა და დემოკრატიაზე, ასევე დეზინფორმაციის თემაზე გაიმართება.