ჩვენს დედაქალაქში იჭრება უამრავი ხე, თითქმის აღარ არსებობს მწვანე საფარი, ბევრი სკვერი ამოვარდა რეკრეაციული ზონიდან, ანუ გვაცლიან ჰაერს და ხალხი ჩუმადაა. ვინ უნდა აგოს პასუხი ამ ქმედებებზე და რა მოელის თბილისს რამდენიმე წლის შემდეგ? – ამის შესახებ საქინფორმს საქართველოს მწვანეთა მოძრაობის – "დედამიწის მეგობრები" თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ესაუბრა.
– ქალაქებისთვის აუცილებელია მწვანე საფარი, მთელ საბჭოთა კავშირში თბილისი ამ მხრივ გამორჩეული იყო. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ არის დამაკმაყოფილებელი. ერთ სულ მოსახლეზე უნდა მოდიოდეს რამდენიმე კვადრატული მეტრი გამწვანებული ფართობი, მაგრამ რაზეა საუბარი, როდესაც ქალაქის პარკებში, ხეებისა და სხვა მცენარეების ნაცვლად, კორპუსებია წამოჭიმული.
ეს პრობლემა თბილისს, უკვე ოცი წელია, აქვს. ჯერ იყო და რესტორნების შემოტევა იყო, შემდეგ ოფისების და ახლა – კორპუსების. ვაკე თბილისში საუკეთესოდ გამწვანებულ ზონად ითვლებოდა, ახლა კი იქ მხოლოდ ახალაშენებული კორპუსებია. მსგავსი სიტუაციაა როგორც ქალაქის ცენტრში, ასევე გარეუბნებშიც, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ცნება ,,მწვანე სარტყელი’’ ჩვენთან აღარ არსებობს.– რაშია გამოსავალი ასეთ სიტუაციაში?
–ერთადერთი გამოსავალი არის გენგეგმა და პარკებისა და სკვერების წითელი ხაზი. 90–იანი წლებიდან დაწყებული ეს მუდმივად იყო ,,მწვანეთა მოძრაობისათვის’’ პრობლემა, რადგან ჩვენ ვერასდროს მოვახერხეთ, კონკრეტულად დადგენა, სად არის მწვანე ზოლი, სად არის წითელი საზღვარი, რომ მშენებლობა არ განხორციელდეს. დღეს ჩვენ ამგვარ ფაქტებს ვაწყდებით პლეხანოვზე, ვაკის პარკში, ვარდების ბაღში... აღარ ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო, კატასტროფის წინაშე დგას თბილისი და ამას ყურადღებას არავინ აქცევს. თბილისის გამწვანების პრობლემა კრიტიკულ ზღვარზეა მისული. მცირდება მწვანე საფარი. მთელი თბილისი მოიცვა მშენებარე ობიექტებმა, იპოდრომი, სადაც უამრავი ხე გაიჩეხა, უკვე გარშემორტყმულია კორპუსებით.
–როგორ შეიძლება შეჩერდეს ეს პროცესი?
–ერთადერთი, რასაც შეუძლია ამ პროცესის შეჩერება, ქალაქის გენგეგმაა და არა მიწათსარგებლობის გეგმა. ჩვენ დღეს ქალაქში გვაქვს მიწათსარგებლობის გეგმა და არ გაგვაჩნია გენგეგმა, რომლის ნაწილიც მიწათსარგებლობის გეგმა უნდა იყოს და რომელმაც უნდა განსაზღვროს, სად რა უნდა აშენდეს – სად უნდა იყოს სახლები, სად უნდა იყოს სამრეწველო ობიექტები, ოფისები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი უნდა იყოს დაგეგმილი!
– გაუძლებს ქალაქი ამდენ მშენებლობას, თუნდაც ამ ახალი სატრანსპორტო დერეფნისას?
– ჩვენ ვდგავართ კატასტროფის წინაშე. ქალაქში, სადაც დაჭრეს ყველაფერი, მთებიც და კლდეებიც კი, და აშენებენ ამხელა კორპუსებსა თუ სატრანსპორტო დერეფნებს, მომავალზე არავინ ფიქრობს. არავინ ფიქრობს, არათუ გამწვანებაზე, არამედ იმაზე, აიტანს კი ეს ქალაქი ამდენ ნგრევას? ტელევიზიით გვაჩვენეს, რომ ხეები დარგეს, მაგრამ ამ აქციის შემდეგ ვინმემ ნახა ის ხე? გაიხარა კი საერთოდ?
–ხეების მოჭრისას ითვალისწინებენ ხის ასაკს და ვარგისიანობას თუ ამ ხეებს მხოლოდ იმიტომ ჭრიან, რომ ადგილის გამოთავისუფლება სჭირდებათ?
–ახლახან აღმაშენებელზე მოიჭრა უნიკალური, იშვიათი სახეობის მაგნოლიები. ჩვენს ზონაში გახარებული მაგნოლია კი იშვიათობაა. შესაბამისად, ახლა რომ მოგინდეს თავიდან მათი დარგვა, უკვე ვეღარ გაახარებ. მოიჭრა ძალიან ბევრი ისეთი ხეც, რომლებიც 40-50 წლისა იყო და ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ამის გამო უნდა ამოეძირკვათ, მით უფრო, მათი სიცოცხლისუნარიანობა შეადგენს 100 წელს და მეტსაც.
–ვისი კომპეტენციაა ამ საკითხის მიხედვა?
–ეს მთლიანად არის ქალაქის ურბანული დაგეგმარების საკითხი და უნდა გადაწყვიტონ ქალაქის მესვეურებმა. რა თქმა უნდა, ამდენ შეცდომაზე პასუხი მათ უნდა აგონ. გამოსავალი კი არის ერთადერთი: სწორად დაგეგმონ – რას, სად და როგორ გააკეთებენ. აქცენტი არსებული სკვერების მოვლაზეც უნდა გააკეთონ, მარტო სისუფთავე არ არის საკმარისი, ძალიან ბევრი სკვერი ამოვარდა რეკრეაციული ზონიდან – აი ეს არის პრობლემა, ისედაც მწირი გამწვანების ხარჯზე ჩვენ, პრაქტიკულად, ვიღებთ უფრო მწირს. ახალი სკვერების გაკეთება კი ისეთ ურბანულ გარემოში, როგორიც თბილისია, ძალიან რთულია.
–დედაქალაქის მესვეურთა დღევანდელი ქმედების შედეგი რამდენად საგანგაშო სურათს მოგვცემს რამდენიმე წლის შემდეგ?
–იმას, რომ ვერ ვისუნთქებთ! ვერ ვისუნთქებთ, იმიტომ რომ მწვანე საფარი 3 რამისგან იცავს ადამიანს: 1) ხმაურისგან, 2) შთანთქავს იმ გამონაბოლქვს, რომელიც დღეს თბილისში აუტანელი რაოდენობითაა და ხეების სიმცირის გამო ვერ ხდება მათი განეიტრალება და 3) ზოგადად, მწვანე ფერი ყველა ადამიანს ეხმარება სტრესული სიტუაციიდან გამოსვლაში.
დღევანდელი ჩვენი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, 10–დან 9 ადამიანს აქვს ნევროზი. სწორედ გამწვანებულ პარკებსა და ხეივნებში ფეხით სეირნობისას გამოდის ადამიანი სტრესული მდგომარეობიდან. თუ აღარ გვექნება ხეები, აღარ გვექნება ჰაერი, იქნება ხმაური და ამდენი დანევროზებული ადამიანი. შედეგი ნამდვილად სავალალო იქნება.