სამართალი
ბოლო 10 დღის განმავლობაში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე კორპუსთან პოლიციის მანქანები იდგნენ - ადგილობრივები

      საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი საკუთარ სახლებში კვლავაც ვერ ბრუნდება. გუშინდელი ღამე ამ ადამიანებმა სასტუმროში გაათენეს.
საცხოვრებელ კორპუსში და მიმდებარე ტერიტორიაზე კი მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. უცნობია ისიც, თუ რა მდგომარეობაშია თავად კორპუსი, რომელიც 18 საათის განმავლობაში სრულმასშტაბიანი საბრძოლო შეტაკებების ეპიცენტრი იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, სრულად დაზიანებულია კორპუსის ორი სართული.
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ერთ-ერთი მცხოვრების განცხადებით, ის ბინა, სადაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იმყოფებოდნენ,  რამდენიმე  წლის წინ ქისტებმა შეიძინეს, შემდეგ კი გააქირავეს.
მისი თქმით, ცოტა ხნით ადრე ბინაში ცოლ-ქმარი ცხოვრობდა შვილებთან ერთად, თუმცა ბოლო ხანებში სხვა მამაკაცები გამოჩნდნენ. ადგილობრივი მცხოვრების განცხადებით, ახალგაზრდები ამ ბინაში დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში ცხოვრობდნენ. მეზობლებმა ისიც შენიშნეს, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში კორპუსთან პოლიციის მანქანები იდგნენ.
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სამართალდამცავები ისევ რჩებიან.