უცხოეთი
მიხეილ სააკაშვილი ტელეეთერში უკრაინელ დეპუტატს ეჩხუბა

      საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინაში, ტელეკომპანია NewsOne-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილის და „რადიკალური პარტიიდან“ უკრაინის რადას დეპუტატის - იგორ მოსიიჩუკის კამათი კინაღამ ჩხუბში გადაიზარდა. კამათი კორუფციასა და უკრაინელი ნაციონალისტების ლიდერ სტეფან ბანდერასთან დაკავშირებულ კითხვებს მოჰყვა.
უკრაინელმა დეპუტატმა განაცხადა, რომ სააკაშვილი უკრაინელებს ბანდერას იდეების უარყოფას სთხოვს და მეზობლებთან ქვეყნებთან შერიგება უკრაინის ინტერესების ხარჯზე უნდა. ამაზე სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბანდერა ცოცხალი რომ ყოფილიყო, პირველ რიგში, კორუფციას მოსპობდა.
ამის შემდეგ მოსიიჩუკმა სააკაშვილი კორუფციაში დაადანაშაულა და მას ყავარჯნები მოუქნია. უკრაინელ დეპუტატზე ცოტა ხნის წინ თავდასხმა მოხდა და ის ყავარჯნებით დადის. მას ხელი გადაცემის წამყვანმა შეუშალა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინიდან წლის ბოლომდე გააძევებენ.
პოლიტიკური პარტია „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის მაისში მიიღო. 2017 წლის 26 ივლისს კი პეტრო პოროშენკომ მას მოქალაქეობა შეერთებულ შტატებში ყოფნის დროს შეუჩერა.
სააკაშვილმა, უკრაინის საზღვარი 10 სექტემბერს გადაკვეთა.

imedinews.ge