საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ავტომანქანების ექსპერტი შალვა ოგბაიძე ხელისუფლებას ელექტრომობილების საქართველოში აწყობასა და გაყიდვას არ ურჩევს.
როგორც ოგბაიძემ "რია-ნოვოსტის" პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "საქართველოში ელექტრომობილების ნაწილების შემოტანაში, აწყობასა და შემდგომ გაყიდვაში 160 მილიონი დოლარის დახარჯვაა განსაზღვრული და ეს თანხა ქართველი მოხუცების დახმარების ხარჯებს დააკლდება".
შალვა ოგბაიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ელექტრომობილების შესაძლო შემოყვანის საკითხში ბევრი რამ ბუნდოვანია. ოგბაიძემ ამ განცხადების გაკეთება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ კლიმატის გლობალური ცვლილებებისადმი მიძღვნილ კვირეულზე ნახსენები პროექტის შემდეგ გადაწყვიტა, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველოს საავტომობილო პარკი მალე ელექტრომობილებით შეივსება.,,უცნობია, რომელი ფირმისა და რა ტიპის მანქანებს შეიძენენ, რა თანხა დაიხარჯება და საიდან გამოიყოფა იგი; და, ბოლოს და ბოლოს, როდის მოხდება პრეზიდენტის ინიციატივის განხორციელება. კარგი იქნება, თუ ამ საკითხზე საზოგადოების ინფორმირება მოხდება,” - განაცხადა ობგაიძემ და აქვე დაამატა, რომ თუ აღნიშნული საკითხის დაგეგმვაში მთავრობის წარმომაგდენლებთან ერთად ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან, პროგრამა უფრო ეფექტური გამოვა.
ოგბაიძე კიდევ ერთ პრობლემად მიიჩნევს იმას, რომ საქართველოს საავტომობილო პარკის ელექტრომობილებით შევსება ჯერ ნაადრევია გამომდინარე იქიდან, რომ მისი შეძენა გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე ჩვეულებრივი ავტომობილის, ამიტომ მოსახლეობის უმრავლესობა მის შეძენას ვერ შეძლებს და აღნიშნულ პროგრამაში თანხა უაზროდ დაიხარჯება.
,,თუ ეკოლოგიურ პრობლემებზეა საუბარი, ეს შეიძლება სხვაგვარადაც გადაწყდეს, ხელისუფლებას შეუძლია გააიაფოს იმ მსუბუქი ავტომობილების განბაჟება, რომლებიც ნაკლებ საწვავს მოიხმარენ და ამით წაახალისოს მოსახლეობა, რადგან ეკონომია უდრის ეკოლოგიას”, - აღნიშნა ოგბაიძემ.
საავტომობილო ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ავტოპარკის ელექტრომობილებით შევსების ნაცვლად ჰიბრიდული ავტომობილებით შევსება უფრო რეალურია, რადგან ,,მომავალი 10-15 წელი ჰიბრიდული ავტომობილებისაა, ხოლო ელექტრომობილები უფრო შორი მომავლის პერსპექტივაა”.
"ელექტრომობილების საქართველოში წარმოება სამთავრობო დონეზე განსახილველი საკითხია. ამით უნდა დაინტერესდნენ როგორც ეკონომიკის, ისე გარემოს დაცვისა და ფინანსთა მინისტრები, ასევე ექსპერტებიც. სასურველია, ჩამოაყალიბონ ისეთი ორგანიზაცია, რომელიც ამ პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებლობას აიღებს", - განაცხადა ოგბაიძემ.
ელექტრომობილის შეძენა 25 000-40 000 დოლარის ფარგლებში იქნება შესაძლებელი.