საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის დუმამ მიიღო შესწორება, რომლის მიხედვითაც, უცხოური მედია, რომელიც საზღვარგარეთიდან იღებს დაფინანსებას, რუსეთში შესაძლოა "უცხოელ აგენტად" აღიარონ. ცვლილებები რუსეთში აკრძალული ორგანიზაციების ვებგვერდების დაბლოკვის შესახებ კანონპროექტს შეეხება.
კანონპროექტი პასუხია აშშ-სადმი, რომელმაც რუსული ტელეკომპანია Russia Today-ს ბიურო ვაშინგტონში "უცხოელ აგენტად" დაარეგისტრირა.
რუსული ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა მარგარიტა სიმონიანმა ბოლო ვადის დაწესება „კანიბალისტურ ზომად“ შეაფასა. „სისხლის სამართლის საქმესა და რეგისტრაციას შორის ჩვენ ბოლო ავირჩიეთ. ვულოცავთ აშშ-ის სიტყვის თავისუფლებას და მათ, ვისაც ამის ჯერ კიდევ სჯერა“, – განაცხადა სიმონიანმა.
რეგულაციის მიხედვით, რუსულმა ტელეკომპანიამ აშშ-ის ხელისუფლებას კონტაქტებსა და ხელფასებზე ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, უცხოელ აგენტად რეგისტრაცია ახალი ამბების გაშუქებას არავის უკრძალავს.
imedinews.ge