საზოგადოება
სათამაშო აპარატების სალონის ნებართვები უქმდება

aparatebiმთავრობა სათამაშო აპარატების სალონის ნებართვებს აუქმებს და მას სამორინეს ნებართვასთან აერთიანებს. აღნიშნული ინიციატივა დასამტკიცებლად საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს დღეებში შევა. კანონპროექტის მიზანი სათამაშო აპარატების სალონის ნებართვის გაუქმებაა, რის შედეგადაც სათამაშო აპარატების მოწყობა სამორინეს ნებართვის ფარგლებში იქნება შესაძლებელი. მთავრობაში განმარტავენ, რომ კანონპროექტის მიღება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შემცირებას არ გამოიწვევს. მოქმედი კანონმდებლობით, სამორინეს მოწყობის ნებართვის მოსაკრებელი 5 მლნ ლარს შეადგენს (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა). შესაბამისად, აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემდეგ, ანუ სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის გაუქმების შემდეგ, ახალი სამორინეს მოწყობის შემთხვევაში, სანებართვო მოსაკრებლის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში კვლავ 5 მლნ ლარი შევა. ეს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს დააბალანსებს, უფრო მეტი სამორინეს მოწყობის შემთხვევაში კი – გაზრდის კიდეც. 2010 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის გაცემის შედეგად სანებართვო მოსაკრებლის სახით 5 მლნ 400 ათასი ლარი შევიდა.