საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ დევნილი ოჯახების ბოლოდროინდელი გამოსახლების პროცესი "ვერ აკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს“.
თბილისის 22–მდე დროებითი თავშესაფრიდან 20 იანვრის შემდეგ დაახლოებით 600–მდე დევნილი ოჯახი გამოასახლეს. ამ ოჯახებს, რომელთა დიდი ნაწილიც აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დევნილი მოსახლეობაა, 2008 წლის ომის შემდეგ მთავრობის ნებართვის გარეშე ჰქონდათ დაკავებული ეს შენობები. მათ შორის ასევე იყვნენ აგვისტოს ომის შედეგად დევნილი ოჯახებიც.
საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ "საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო", რომელიც დევნილთა განსახლების პროცესს აკვირდება, განაცხადა, რომ გამოსახლების, განსახლებისა და ფულადი კომპენსაციების გაცემის კომპლექსური პრობლემების "პოლიტიზირება, განზოგადება და არასწორად ინტერპრეტირება" ხდება. ორგანიზაციის განცხადების თანახმად, „ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ მთავრობამ ვერ მოახერხა საზოგადოებისთვის ნათლად აეხსნა, თუ როგორ და რატომ იღებს გადაწყვეტილებებს გამოსახლებაზე, ფულად კომპენსაციასა და პრიორიტეტებზე დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ“.
"საჭიროა მთავრობის გადაწყვეტილებების უფრო ეფექტური კომუნიკაცია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში გაანელებს საზოგადოების უკმაყოფილებას,“ – განაცხადა საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ.