რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ბერლინის კედელი ნაწილ-ნაწილ ჩამოაქვთ საქართველოში რუსეთ-საქართველოს საზღვარზე დასაყენებლად!

      ჯერ კიდევ 2005 წლის მარტში პუბლიკაციაში „მალთუსის თეორია ანუ თურქეთის ახალი ვილაიეთი“ მე ვივარაუდე, რომ „უახლოეს ხანში რუსეთ-საქართველოს საზღვრის მთელ მონაკვეთზე ბეტონის უზარმაზარი კედელი გაჩნდება - ეკონომიის მიზნით მის ასაშენებლად გერმანია ნაწილ-ნაწილ გამოაგზავნის საქართველოში დაშლილ ბერლინის კედელს“.
2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა კიდევ უფრო მეტად დამარწმუნა ჩემს მოსაზრებაში.
და მართლაც, დღეს, 2017 წლის 13 ნოემბერს, 100 ათასი წმინდა წამებულის ხსოვნის დღეს, ჩვენ შეგვიძლია, თბილისში ბერლინის კედლის პირველი ფრაგმენტი ვიხილოთ. ის დაამონტაჟეს მდინარე მტკვარზე გადებული 100 ათასი წმინდა წამებულის სახელობის  ხიდის წინ, რომელზეც ჯალალ-ედ-დინის ჯარისკაცებმა 1227 წელს თავები მოკვეთეს 100 ათას ქართველს, რომლებმაც უარი თქვეს, ფეხქვეშ გაეთელათ ხიდზე დალაგებული ხატები სიონის ტაძრიდან.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შემდგომში წმინდანებად შერაცხილი ჩვენი გმირი წინაპრები ვერც კი ივარაუდებდნენ, რომ 7 საუკუნის შემდეგ, სიონის ტაძრიდან მეტეხის ტაძრის აღმართისაკენ ამ ხიდის გავლით, ევროპის მოედანზე, ტოლერანტობის სკვერში მოხვდებით, სადაც ბეტონის ნატეხი დგას, რომელიც თბილისელებში ფალოსის ასოციაციას იწვევს (ქართველების სისხლით მორწყულ მეტეხის მოედანს ევროპის მოედანი პრეზიდენტმა სააკაშვილმა უწოდა - იმ მოღალატეების შთამომავალმა, რომლებმაც ღამით თბილისის ჭიშკარი გაუღეს ჯალალ-ედ-დინს, ბრძოლით ტოლერანტული ქართველების დედაქალაქის აღება ხომ ხორეზმის სულთანმა ვერ შეძლო!).
ჩანაფიქრის მიხედვით, ბერლინის კედლის ნატეხი უძველესი ქართული ეკლესიების გარემოცვაში უნდა ყოფილიყო სიმბოლური გამოხატულება ქართველების „ევოლუციისა“ შუა საუკუნეების „ბნელი“ მართლმადიდებლობიდან - ცისარტყელას ყველა ფერის თანამედროვე ევროპული ღირებულებებისაკენ, მათ შორის - მესამე სქესის წარმომადგენლებს შორის ქორწინებისაკენ, რომლის რეგისტრაციის ნებართვა გასულ ხუთშაბათს გასცა გერმანიის ფედერალურმა კონსტიტუციურმა სასამართლომ.
მეტეხის ტაძრის სიმაღლიდან კი ამ სამარცხვინო „ევრო-ასო-ციაციას“ თბილისის დამაარსებლის, მეფე ვახტანგ გორგასლის ცხენზე ამხედრებული ქანდაკება დაჰყურებს (ხიდის მეორე მხარეს, სიონის ტაძრიდან ორიოდე ნაბიჯზე მდებარეობს განთქმული გოგირდის ცხელი წყაროები - ერთ-ერთ მათგანში 458 წელს გორგასლის მიერ ნასროლი ისრით განგმირული ხოხობი ჩავარდა და მოიხარშა, რის შემდეგაც იბერიის მეფემ ბრძანა, აქ ქალაქის გაეშენებინათ და მისთვის „თბილისი“ ეწოდებინათ).
ესთეტიკაზე ლაპარაკიც არ არის - გაუგებარი წარწერებით აჭრელებული რკინაბეტონის ბლოკის ნატეხი ნამდვილად არ ამშვენებს „განსაკუთრებული ხიბლის მქონე ჭაღარა ქალაქს, რომელიც აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ“, როგორც გასულ ხუთშაბათს განაცხადა დედაქალაქის ახალმა მერმა კახი კალაძემ.
მაგრამ თავი დავანებოთ შორეულ გმირ წინაპრებს, რომლებმაც რწმენისათვის თავი გაწირეს - განა ჩვენი მამა-პაპა, დიდი სამამულო ომის გმირები, წარმოიდგენდნენ, რომ ერთმორწმუნე ქართველებსა და რუსებს შორის, რომლებმაც ერთად დაამარცხეს ფაშიზმი, ოდესმე კედელი აღიმართებოდა?! რომ ქანთარია ეგოროვს მტერს და ოკუპანტს უწოდებდა?! რომ ქართველი სტალინი, რომელმაც ბერლინი აიღო, თავის სამშობლოში დაგმობილი და დავიწყებული იქნებოდა?! რომ საქართველოში აიღებდნენ უმაღლესი მთავარსარდლის ყველა ძეგლს და მათ ნაცვლად ბერლინის კედლის ნამტვრევს დადგამდნენ, რომელიც ფაშისტების შთამომავლებმა საყვედურის ნიშნად გამოუგზავნეს ქართველებს - აქაოდა, წაიღეთ, თქვენ გქონდეთ ეს წყეული კედელი, რომლითაც თქვენმა თანამემამულემ ბერლინი გაყო! მაგრამ, როგორც ჰიტლერი ამბობდა, ღმერთი დიდია - ჩვენი გერმანია კვლავ გაერთიანდა, სტალინის სამშობლო კი დაიშალა, ამიტომ ახლა ეს კედელი თქვენ, ქართველებს გჭირდებათ!
გაემიჯნეთ მისით რუსებს, რომლებმაც არაერთხელ გადაგარჩინეს სპარსელების, თურქების, მომთაბარეებისაგან და ორჯერ - ჩვენგან, გერმანელი ინტერვენტებისაგან!
გაემიჯნეთ რუსეთს, რომელთან ერთად იმ ომში დაგვამარცხეთ!
გაემიჯნეთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, სადაც დღეს რუსეთ-საქართველოს საზღვარი გადის - ზუსტად ისე, როგორც უკრაინა გაემიჯნა კედლით რუსეთის ხელში გადასულ ყირიმსა და დონბასს!
სამაგიეროდ, უკრაინელებისაგან განსხვავებით, ეს კედელი თქვენ უფრო იაფი დაგიჯდებათ - მეორე ქართველის, ედუარდ შევარდნაძისადმი მადლიერების ნიშნად, რომელმაც ბერლინის კედელი დაანგრია, ჩვენ მას გჩუქნით!“.
გაყალბებულმა ქართულმა ისტორიის სახელმძღვანელოებმა ჯ. სოროსის რედაქციით  და დასავლურმა პროპაგანდამ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის და სოროსის ფონდის მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციების სახით, ქართველ ახალგაზრდობას, რომელსაც ისტორია ნაკლებად აინტერესებს, ჩააგონეს, რომ „პირსისხლიანმა ურჩხულმა სტალინმა ორად გაყო გერმანელი ხალხი, ბერლინი კედლით გადაღობა, ხოლო გერმანია ოკუპაციის ზონებად დაყო, როგორც დღეს პუტინმა მოახდინა საქართველოსაგან განცალკევებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“. ევროკავშირთან ასოცირებულ ევროატლანტიკურ საქართველოში არ არის მიღებული იმის აღიარება, რომ ეს დიქტატორ სტალინის ერთპიროვნული ახირება კი არა, იალტის 1945 წლის კონფერენციის ყველა მონაწილის - მეორე ფრონტზე სსრკ-ის მოკავშირეების გადაწყვეტილება იყო.
მთელი მსოფლიოს ახალგაზრდობას დაუმალეს, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი მეორე მსოფლიო ომში თითქმის სულ ბოლოს, 1944 წლის 6 ივნისს ჩაერთნენ, ამიტომ მათი წვლილი დიდ გამარჯვებაში შეუდარებლად მცირეა. სამაგიეროდ, ამ გამარჯვების სიკეთეების მიღება მათ საბჭოთა კავშირის თანაბრად მოინდომეს (და მიიღეს კიდეც), და სწორედ ეს გახლდათ გერმანიის გაყოფის ჭეშმარიტი მიზეზი!
რაც შეეხება თავად ბერლინის კედელს, ეს თავდაცვის იძულებითი ღონისძიება იყო დასავლეთის ქვეყნების სპეცსამსახურების დივერსანტებისაგან - გუშინდელი მოკავშირეებისაგან, აგრეთვე მთელ გერმანიაში გაფანტული რევანშს მოწყურებული ფაშისტებისაგან.
იქნებ ვინმე შემედავოს, იმ დროისათვის ფაშისტები განადგურებული იყვნენ და აღარ არსებობდნენო?! მაშ, ვისთან მოაწერეს ხელი კაპიტულაციის აქტს საბჭოთა კავშირისა და დასავლელი მოკავშირეების უმაღლესი სარდლობის წარმომადგენლებმა?! განა ვერმახტის სარდლობასთან არა, რომელმაც ჯარის სხვადასხვა სახეობის ბრძოლისუნარიანი შენაერთები შეინარჩუნა?!
თუმცა, 1945 წელი რა სათქმელია, დღევანდელ უკრაინას შეხედეთ და დარწმუნდებით, რომ ფაშისტები მაშინ ბოლომდე არ გაუნადგურებიათ - ისინი დღესაც საღ-სალამათები არიან!
ოღონდ, რომელი კედლით უნდა გავემიჯნოთ მათ?!
საქინფორმის
მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2017 წლის 13 ნოემბერი
საქართველო, თბილისი