უცხოეთი
სილვიო ბერლუსკონი აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება

      საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. სილვიო ბერლუსკონი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება. სიცილიაში გამართულ რეგიონალურ არჩევნებში მისი კოალიციის კანდიდატმა გამარჯვება მოიპოვა. "ჩვენ ერთადერთი ალტერნატივა ვართ", - განაცხადა ბერლუსკონიმ.
ბერლუსკონი 2018 წლის არჩევნებში გეგმავს ჩართვას. ქვეყნის ყოფილი პრემიერი პოლიტიკიდან 4 წლის წინ წავიდა.  გადასახადების დამალვის ბრალდების გამო ის პარლამენტიდან გააძევეს, მის საქმეს ახლა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო განიხილავს.
პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი ბერლუსკონიმ ჯერ კიდევ სექტემბერში გამოთქვა. 81 წლის პოლიტიკოსი თავისი პარტიის Forza Italia-ს წევრებს შეხვდა და პოლიტიკური პლატფორმა წარუდგინა. "ჩვენ გვჯერა, რომ ცენტრისტი მემარჯვენეები დიდ გამარჯვებას მოიპოვებენ“, - განაცხადა ბერლუსკონიმ.
სილვიო ბერლუსკონი იტალიის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ის იტალიის პრემიერმინისტრი 1994-95, 2001-06 და 2008–11 წლებში იყო. 2011 წელს მან 75 წლისამ დატოვა პრემიერის თანამდებობა, თუმცა თავისი 18-წლიანი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში, 51-ჯერ გადაურჩა პარლამენტისგან უნდობლობის გამოცხადებას და პრემიერის თანამდებობის დაკარგვას.

imedinews.ge