მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ხელისუფლება არბევს ვეტერანთა აქციებს, ასახლებს დევნილებს, ფიზიკურად უსწორდება ქალებსა და მოხუცებს, ლახავს ჟურნალისტთა უფლებებს, რაც HUMAN RIGHT WATCH–ის 2010 წლის ანგარიშშიც აისახა, საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი დაინტერესდა - იცავს თუ არა ვინმე მოქალაქეების უფლებებს საქართველოში და რას აკეთებს ამ დროს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში.
ამასთან დაკავშირებით საქინფორმის კორესპონდენტი ომბუდსმენის ოფისს დაუკავშირდა, სადაც მას პრესსამსახურის უფროსმა ნინო ერემაშვილმა ნამდვილი დაკითხვა მოუწყო, გულდასმით გამოგვკითხა, რაზე გვსურდა სახალხო დამცველთან საუბარი. როდესაც პასუხად მიიღო, რომ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბატონი ტუღუშის საქმიანობა გვაინტერესებს, სრული სერიოზულობით აქეთ შეგვეკითხა: „და რა ხდება საქართველოში?“.
იმასთან დაკავშირებით, რომ სახალხო დამცველის ოფისში არ იციან, თუ რა ხდება საქართველოში, საინფორმაციო–ანალიტიკურ სააგენტო საქინფორმს სურს, ბატონ გ. ტუღუშს 5 შეკითხვა დაუსვას, რომლებზეც პასუხი არა მარტო ჩვენს ჟურნალისტებს, არამედ მთელ ქართველ ხალხს აინტერესებს. აი, ეს კითხვებიც:თუ თქვენ დამოუკიდებელი და ობიექტური ბრძანდებით, რატომ არ ჩანს თქვენი საქმიანობის კონკრეტული შედეგები? ხოლო თუ არ ხართ დამოუკიდებელი, რატომ არ განაცხადებთ ამის შესახებ საჯაროდ, არ გადადგებით და არ შეუერთდებით ხალხს, რომლის დაცვის მოვალეც ხართ, რაც დიდი დაგვიანებით მოიმოქმედა თქვენმა წინამორბედმა სოზარ სუბარმა? ერთი მაგალითი მაინც დაგვისახელეთ იმისა, როგორ გამოიღო თქვენმა მხარდაჭერამ კონკრეტული შედეგი და ვისი უფლებები დაიცავით ხელისუფლების თვითნებობისგან: ვეტერანების, ლტოლვილების, ობლების, პენსიონერების, მეწარმეების, უმუშევრების ანდა სხვა კატეგორიის მოქალაქეების?
ან, ეგებ, სახელმწიფო სახსრების გამოყენებით ხშირ საზღვარგარეთულ მივლინებებში პირად, ოჯახურ საქმეებზე დადიხართ, დროსტარებისა და დასვენების მიზნით, როგორც ამას საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაში ბევრი აკეთებს?
(როგორც ხვდებით, ეს კითხვა უბრალო ცნობისმოყვარეობას კი არაა, საინფორმაციო–ანალიტიკურ სააგენტოში მიღებულ ინფორმაციას ეფუძნება, რომელიც სხვა წყაროებით გადავამოწმეთ და ახლა პასუხს თქვენგანაც ველით).
როგორც ხედავთ, ძვირფასო მკითხველო, ბატონი ტუღუშისთვის სულ ხუთი კონკრეტული შეკითხვის დასმა გვსურდა, მაგრამ მისი პრესსამსახურის უფროსმა მოგვიგო, რომ არ იცის, შეძლებს თუ არა სახალხო დამცველი ჩვენთან გასაუბრებას, თუმცა შეგვპირდა, რომ პასუხს აუცილებლად შეგვატყობინებდა, რაც, როგორც უკვე მიხვდით, არ გაუკეთებია, ჩვენი ხელისუფლების საუკეთესო ტრადიციებისამებრ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახლა საქინფორმი მკითხველს არა წინამდებარე პუბლიკაციას, არამედ საქართველოს სახალხო დამცველთან ინტერვიუს შემოგთავაზებდათ.
ასე უპასუხეს „მეოთხე ხელისუფლებას“ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში! თუ რა პასუხით გამოისტუმრებენ ომბუდსმენის ოფისში საკუთარი გასაჭირით მისულ მოქალაქეს, მკითხველმა თავად განსაჯოს...
თუ ამ პუბლიკაციის შემდეგ ბატონ ტუღუშს ჩვენს შეკითხვებზე პასუხის გაცემის სურვილი გაუჩნდება, მის პასუხებს, ოღონდ წერილობითი ფორმით, სიამოვნებით მივიღებთ და აუცილებლად გამოვაქვეყნებთ სააგენტოს ვებსაიტზე www.saqinform.ge
საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი