ახალგაზრდებს კონკრეტულ ადგილებს შევთავაზებთ, სადაც გვირაბების მოხატვა უნდა განხორციელდეს -კახი კალაძე
საზოგადოება
ახალგაზრდებს კონკრეტულ ადგილებს შევთავაზებთ, სადაც გვირაბების მოხატვა უნდა განხორციელდეს -კახი კალაძე

      საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის არჩეულმა მერმა ახალგაზრდებს მიმართა და მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვასთან დაკავშირებით მათი ნიჭის გამოყენების შესაძლებლობაზე ილაპარაკა.
„ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვყავს და, ალბათ, შევიმუშავებთ კონკრეტულ გეგმას, რომელიც ზოგადად გვირაბების მოხატვას ეხება. შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც მიწისქვეშა გადასასვლელებზე სრული სურათი გვექნება, ახალგაზრდებს კონკრეტულ ადგილებს შევთავაზებთ, სადაც გვირაბების მოხატვა უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა ახლად არჩეულმა მერმა.
მისივე თქმით, დედაქალაქში მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებული ინფრასტრუქტურა დააზიანეს, რასაც მომავალში კონტროლს გაუწევენ. შესაბამისად, კახი კალაძემ „თბილსერვისის“ ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას მიმართა, სამუშაოების განხორციელების დროს დროებითი პატრულირება გამოიყენონ.
„იყო გაკეთებული ეს ყველაფერი, თუმცა დაანგრიეს, გატეხეს, კამერები დააზიანეს და ა.შ. ამიტომ გავაკეთოთ დროებითი პატრულირება. თუ დაგჭირდებათ, გამოიყენეთ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც ყველაფერში დაგეხმარებათ, რათა სანამ კამერების დამონტაჟებას დაიწყებთ, მოქალაქეები, რომლებიც ამას აკეთებენ, არ შემოვიდნენ და იგივე არ გაიმეორონ“, -  მიმართა კალაძემ ლევან ჯღარკავას.