თბილისში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები მოწესრიგდება და ახალგაზრდების მიერ მოიხატება -კახი კალაძე
საზოგადოება
თბილისში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები მოწესრიგდება და ახალგაზრდების მიერ მოიხატება -კახი კალაძე

      საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის ახლად არჩეულმა მერმა ზოოპარკისა და ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი დაათვალიერა და ვითარებას ადგილზე გაეცნო. კახი კალაძე მიწისქვეშა გადასასვლელში „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან ერთად იმყოფებოდა, რომელსაც დღეიდან დასუფთავებისა და გადასასვლელების მოწესრიგების სამუშაოების დაწყება სთხოვა.  
„მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს. ძალიან მძიმე ვითარებაა. „თბილსერვისის“ ხელმძღვანელს მინდა ვთხოვო, რომ დღესვე დაიწყოთ სამუშაოების შესრულება - მორეცხვა, ელექტროგაყვანილობა და განათება, რადგან აღარაფერი არსებობს. ყველაფერი, რაც ადრე იყო, დაზიანებულია. შესაბამისად, ეს ყველაფერი მალე უნდა მოვიყვანოთ მწყობრში და მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ გადაადგილება კომფორტულად შეეძლოთ“, - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ქალაქში ზოგიერთი მიწისქვეშა გადასასვლელი გასხვისებულია ან იჯარით არის გაცემული.
„ჩვენ არავის საკუთრებას არ ვეხებით, თუმცა, მინდა გთხოვოთ, რომ ერთიანი სტარდარტი იქნეს შემუშავებული და ათი დღის განმავლობაში სრული სურათი წარმოადგინოთ. ყველა ადამიანმა, მესაკუთრემ თუ ვისაც იჯარით აქვს გაცემული მიწისქვეშა გადასასვლელი, კეთილი უნდა ინებონ და ერთიან სტანდარტში უნდა მოიყვანონ არსებული მდგომარეობა. ბევრ კონკრეტულ ადგილზე მძიმე მდგომარეობაა და ეს ძალიან სწრაფად უნდა მოვაგვაროთ“, - აღნიშნა კახი კალაძემ.