აქტუალური
„საქართველოს საპატრიარქოში რუსულ სპეცსამსახურებს ძლიერი დასაყრდენი აქვთ“ - მორიგი თავდასხმა კათოლიკოს-პატრიარქზე და ქართულ ეკლესიაზე

      საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. გასულ პარასკევს საქინფორმი სარედაქციო წერილში აფრთხილებდა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ციანიდით მოწამვლა იმიტომ უნდოდათ, რომ ის რუსეთის პატრიარქს არ შეხვედროდა და რუსეთთან და აფხაზეთთან საქართველოს პრობლემები არ გადაწყვეტილიყო: “რატომ გამოიწვია ამხელა „შეშფოთება“ საქართველოში ე.წ. პროდასავლურ-ლიბერალურ ძალებში რუსეთის პატრიარქის მიერ საქართველოს პატრიარქის მოსკოვში დაპატიჟებამ და აფხაზეთში შექმნილი სიტუაციის ერთობლივად დარეგულირების შეთავაზებამ?!
პასუხი მარტივია: იმ პირობებში, როცა საქართველოში ყველა პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე აფხაზეთთან შერიგების საქმეში სრული ბანკროტი აღმოჩნდა, როცა აშშ-ის საელჩოდან მართვადი ხელისუფლების და ოპოზიციის ფარისევლური განცხადებები აფხაზებში მხოლოდ ზიზღსა და აგრესიას იწვევს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და მისი წინამძღვარი - ქართველი ერის სულიერი მამა - ერთადერთი ინსტიტუტია,  რომელსაც ამ საკითხის მოგვარება ძალუძს!“
, - წერია სარედაქციო პუბლიკაციაში.
და აი, კათოლიკოს-პატრიარქზე და ქართულ ეკლესიაზე ახალი თავდასხმა განხორციელდა სააკაშვილის დამეგობრებული პოლიტიკოსის მხრიდან. აფხაზეთის ყოფილი იუსტიციის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის წევრი, „ნაცმოძრაობის“ სატელიტი 3-კაციანი პარტიის „ევროპული დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია ცილს სწამებს ქართულ ეკლესიას და მის წინამძღვარს:
"რუსეთის ეკლესია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართული ეკლესიის ქონებას დაეპატრონოს საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, აფხაზეთში და ცხინვალში. ამას აკეთებს იმ მოტივით, რომ მრევლს უნდა თავისი წინამძღოლი. არ დაგვავიწყდეს ჩვენ, რომ ილია მეორე განაგებს პირდაპირი მმართველობის წესით ცხუმ-აფხაზეთის თემას. აქედან გამომდინარე, ეს ცხადყოფს იმას, რომ ეს არის საქართველოს საეკლესიო საზღვრის ტერიტორია.
რუსეთის ეკლესია ამ ეტაპზე ცდილობს სპეცსამსახურების იდეა გაატაროს, რამენაირად ჩამოაშოროს საქართველოს საპატრიარქოს ეს თემა...
ამიტომ მე მოვუწოდებ საპატრიარქოს, არ წამოეგოს რუსულ პროვოკაციას. ასეთ კომისიურ თემებში შესვლა გამოიწვევს სხვა შედეგებს. ჩვენ ვნახეთ, რა შედეგებზეც არის საუბარი. არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი იყო სამშვიდობო ძალები. საქართველოს საპატრიარქოში რუსულ სპეცსამსახურებს ძლიერი დასაყრდენი აქვს“
- განაცხადა პაატა დავითაიამ "პირველ რადიოსთან" საუბარში.