უცხოეთი
26 გარდაცვლილი და 20-ზე მეტი დაჭრილი - ტეხასში დაღუპულებს გლოვობენ

      საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. ტეხასში დაღუპულებს გლოვობენ - საკვირაო მესაზე თავდასხმას 26 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი კი დაჭრილია და მათ გადასარჩენად ექიმები ამ დრომდე იბრძვიან. თავდამსხმელი, რომლის მოტივები გამოძიებისთვის უცნობია, ეკლესიაში შევიდა და სალოცავად შეკრებილ მრევლს ცეცხლი გაუხსნა. მოგვიანებით კი, თავად თავდამსხმელი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.
ეკლესიასთან, სადაც ყოფილმა სამხედრომ 26 ადამიანი მოკლა, ფედერალური საგამოძიები ბიუროს აგენტები მუშაობენ.
თავდამსხმელი ჯერ ავტოგასამართ სადგურზე შენიშნეს. მან შემდეგ გზა გადაკვეთა და ეკლესიასთან, სადაც მესა მიმდინარეობდა, სროლა დაიწყო. ამის შემდეგ ერთ-ერთმა ადგილობრივმა მისი შეჩერება სროლითვე სცადა. თუმცა, თავდამსხმელმა მოახერხა მანქანაში ჩაჯდომა და შემთხვევის ადგილი დატოვა.
მომხდარს იაპონიიდან გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი. დონალდ ტრამპმა ტოკიოში მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელით, შტატის ხელისუფლებას გამოძიებაში დახმარებას დაჰპირდა.
ტეხასში მომხდარი თავდასხმის გამო სამძიმარი გამოთქვა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა პოლ რაიანმა. სპეციალური განცხადება გაავრცელა ნენსი პელასიმ, რომელშიც ნათქვამია, რომ მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად ბევრად უფრო მეტი უნდა გაკეთდეს კონგრესში.
გუშინ მომხდარი თავდასხმა ტეხასის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი შეიარაღებული თავდასხმაა მშვიდობიან მოქალაქეებზე.

rustavi2.ge