უცხოეთი
პუჩდემონი ბელგიას პოლიტიკურ თავშესაფარს არ სთხოვს

      საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. კატალონიის ყოფილმა მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ბელგიაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღების მიზენით ჩავიდა."მე აქ პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად არ ვარ", - განუცხადა პუჩდემონმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ის კატალონიაში დაბრუნედბა მაშინ, როდესაც მისი უსაფრთხოების "გარანტიები" იარსებებს. "მე ბელგიაში და კონკრეტულად ბრიუსელში ჩამოვედი იმიტომ, რომ ეს ევროპის დედაქალაქია", - განაცხადა პუჩდემონმა.
გარდა ამისა, პუჩდემონმა განაცხადა, რომ მადრიდის მიერ დანიშნულ 21 დეკემბრის არჩევნებს პატივს სცემს, თუ იგივეს გააკეთებს მადრიდის პრემიერმინისტრი მარიანო რახოი.
აღსანიშნავია, რომ პუჩდემონმა ბელგიელი ადვოკატი პოლ ბეკარი დაიქირავა, რომელიც წარსულში ბასკური სეპარატისტული ორგანიზაცია "ეტას" ინტერესებს იცავდა.
კატალონიის ყოფილმა ლიდერმა განცხადება მადრიდის გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთა - ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, დამოუკიდებლობის შესახებ კატალონიის მიერ მიღებული დეკლარაცია გააუქმა.
27 ოქტომბერს კატალონიის პარლამენტმა ესპანეთისგან გამოყოფის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. დეკლარაციას ხმა 72-მა დეპუტატმა მისცა.
გამოცხადების შემდეგ ერთ საათში, ესპანეთის სენატმა გადაწყვიტა, რომ კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედოს, რაც ბარსელონის ხელისუფლების მადრიდზე დაქვემდებარებას გულისხმობს, შესაბამისად რეგიონის ავტონომიის გაუქმებას. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 დეკემბერს გაიმართება, რის შემდეგაც დეპუტატები ახალ რეგიონულ მთავრობას დანიშნავენ.

imedinews.ge