უცხოეთი
გენპროკურორმა ჩემი დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების დოკუმენტების მომზადება დაიწყო - სააკაშვილი

      საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა მისი საქართველოში ექსტრადირების პროცესი დაიწყო.
განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა "ფეისბუკის" გვერდზე გამოაქვეყნა.
უკრაინული ოპოზიციის ლიდერი წერს, რომ ბოლო დღეებში ლუცენკოს ნებართვით დაიწყო საბუთების მომზადების პროცესი, რომელიც მის დაკავებას და საქართველოში ექსტრადირებას ისახავს მიზნად. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინის გენერალური პროკურორი ოლიგარქების, კერძოდ კი პუტინის, ივანიშვილისა და პოროშენკოს დაკვეთას ასრულებს.
„ნამდვილად, სხვა ვინ იქნება ამით დაკავებული თუ არა ლუცენკო. ის ყველაზე კარგად იცნობდა ჩემს საქმეებს პრეზიდენტობის პერიოდში. მადლობა, იური, ჩემი მოკრძალებული შრომის ასეთი მაღალი შეფასებისთვის“ - წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“.
რამდენიმე დღის წინ, უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი განუცხადა.

pirveliradio.ge