აქტუალური
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აქვს აშშ-ის კონგრესის სრული მხარდაჭერა! - პრემიერი კვირიკაშვილი

      საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე აშშ-ში საქართველოს ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის 11-15 ოქტომბრის  ვიზიტს შეეხო.
საქართველოს დელეგაცია ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ისე სარეიტინგო კომპანიებისა და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებთან.
„მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები აშშ-ის კონგრესში; ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აქვს აშშ-ის კონგრესის სრული მხარდაჭერა. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ მხარდაჭერისთვის ქვეყანას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა და უწევს საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი შეფასებები, რომლებიც იყო ძალიან პოზიტიური - ის, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი ჯანსაღია, კორუფციის ინდექსი არის დაბალი და საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა ქვეყნის მართვისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით. ეს არის კონკრეტულად კონგრესმენ დევიდ პრაისის სიტყვები“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.