პუბლიკაციები
ო დრონი, ო ზნეობანი!

sazzშეიძლება ბევრი იცინო იმაზე, თუ როგორ ეძლეოდნენ ახალგაზრდები ვნებას მანქანაში, მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა და მას ტრაგიკული ფინალი აქვს... ეს ამბავი სიყვარულზე კი არა, გარყვნილობაზეა: ბიძაშვილებს სექსი ჰქონდათ! აქ უპრიანია საზოგადოებრივი მორალის დაცემით აღშფოთებული ციცერონის ფრთიანი გამონათქვამის მოშველიება: – „O tempora! O mores!“ („ო დრონი! ო ზნეობანი!”).

ის ქალიშვილი კი გარდაიცვალა – გულმა უმტყუნა...

ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ შემთხვევის შემდეგ საქართველოს საპატრულო პოლიციამ საზოგადოებრივ ადგილებში ინტიმურ ურთიერთობაზე საჯარიმო სანქციები დააწესა.

აღნიშნული დარღვევა „წვრილმანი ხულიგნობის“ მუხლით კვალიფიცირდება. ჯარიმის ოდენობა ჯერჯერობით ზუსტად განსაზღვრული არაა, სავარაუდოდ, მან 400 ლარი უნდა შეადგინოს.

 

შემთხვევით თუ განგებ ინფორმაციაში ზუსტადაა მითითებული მანქანის გაჩერების ადგილი – წმიდა ნიკოლოზის ეკლესიასთან. საგანგებოდ, რომ მათ მიერ ჩადენილი ცოდვის სიმძიმესა და მანკიერების ხარისხს გაესვას ხაზი თუ ყურადღების გასამახვილებლად, რომ თანამედროვე ახალგაზრდობას ეკლესიისა და მისი პოსტულატების რწმენა დაეკარგათ?! მაგრამ ეს ასე არაა. დიახ, ჩვენ კრიზისულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, როცა გლობალიზაცია სულიერებას, საღ აზრს, ცხოვრების ზნეობრივ საფუძვლებს ამოძირკვას უქადის, როცა პერიოდულად თავს ესხმიან ეკლესიას, როცა პირწმინდად ავიწყდებათ ჩვენი ძირძველი ტრადიციები, რითაც საქართველო მუდამ თავს იწონებდა და რომელთა წყალობითაც მძიმე განსაცდელსაც მრავალჯერ დააღწია თავი. ამიტომ ხალხი ყოველთვის მოწიწებით ეკიდებოდა მათ, ბევრი დღესაც მკაცრ შესატყვისობაში ცხოვრობს მათთან.

ჰოდა, ჩვენი ხალხის ტრადიციებიდან გამომდინარე, ინცესტი გამორიცხული იყო! ოჯახი საქართველოში მნიშვნელოვანი ფასეულობაა, ხოლო ბავშვებს განსაკუთრებული სტატუსი აქვთ. ისინი ჩვენს მომავალს წარმოადგენენ და ოჯახის ამოცანაა, მისცეს მათ ძირითადი ცოდნა სამყაროს მოწყობის შესახებ, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, რათა მართებული გადაწყვეტილება მიიღონ ამა თუ იმ სიტუაციაში...

ის ახალგაზრდები კი „მხედველობიდან გამორჩენილი ბავშვების“ რიცხვიდან არიან. ეკლესიის მახლობლად სექსი ყველაზე დიდი ცოდვა როდია მათ სინდისზე. მათ ღმერთს ზურგი აქციეს, როცა მეშვიდე ცნება დაივიწყეს: „არა იმრუშო“, როცა სისხლის აღრევა გადაწყვიტეს. ჟინმა გვარიშვილობა დაავიწყათ, მისი ადგილი მალულმა, ხორციელმა სიტკბოებამ დაიკავა.

საინტერესო კი ისაა, რატომ მოხვდა ინცესტი „წვრილმანი ხულიგნობის“ რიგითობაში?

ასწლეულების განმავლობაში ინტიმური კავშირი უახლოეს ნათესავებს შორის ყველა ცივილიზებულ ხალხში დანაშაულის ტოლფასი იყო და კანონით ისჯებოდა. ახლაც ბევრ ქვეყანაში მას კანონი კრძალავს. გერმანიის უმაღლესმა სასამართლომ, მაგალითად, ინცესტი სისხლის სამართლის დანაშაულად აღიარა და მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შეუფარდა – ორი წლით თავისუფლების აღკვეთა. ყველაფერი სწორია: თუ ასეთი აკრძალვა არ არსებობს ოჯახში, ის სახელმწიფომ უნდა დააწესოს.

სხვათა შორის, თავად ტერმინს Incestus” (“სისხლის აღრევა“ ) ლათინურში სხვა, ჩვენი მართლმადიდებელი ქვეყნისთვის უფრო აქტუალური, მნიშვნელობაც აქვს: „დანაშაულებრივი ცოდვიანი კავშირი“.

ინცესტის ცნებასა და ფენომენს დღეს აქტიურად იკვლევენ, განიხილავენ პროფესიონალურ გარემოში, მედიასაშუალებებში. მისი მნიშვნელობა დღითიდღე ფართოვდება. ზოგი მას, სავარაუდოდ, გენეტიკური სნეულების გამოვლენად მიიჩნევს, თუკი ინტიმური პარტნიორები ახლო ნათესავები არიან. ზოგი კატეგორიულად აცხადებს, რომ ეს გარყვნილება, ნორმალური ინსტინქტების შეუკავებლობაა. მესამენი ირწმუნებიან, რომ ინცესტი დანაშაულია.

მიხეილ სააკაშვილს ამ ცნების თავისებური ხედვა აქვს. ოპოზიციაზე დაჩივლებისას, რომელმაც მფარველობა გამოუცხადა აფრასიძის კრიმინალურ კლანსა და მისი წარმომადგენლები პოლიტიკური პატიმრების ნუსხაშიც კი შეიყვანა, პრეზიდენტმა განაცხადა: „ასეთი დამოკიდებულება ე. წ. პოლიტიკური ელიტის ზოგიერთი წარმომადგენლისგან ინცესტს წააგავს. როგორ უნდა მოექცე ასე საკუთარ ქვეყანას?! ცხადია, დაუშვებელია სექსუალური ძალადობა საკუთარ ქვეყანაზე!

ვფიქრობ, მართალი არიან ისინი, ვინც ინცესტს ადამიანის, სოციუმის წინააღმდეგ დანაშაულად მიიჩნევს. ის, ვინც მორალის, ზნეობის, აკრძალვების საბაზისო საფუძვლებს კარგავს, ბოლოს და ბოლოს, ქვეყნის კულტურის გარდუვალ გაქრობასა და განადგურებას უყრის საფუძველს.

მაშ, რატომაა ეს წვრილმანი ხულიგნობა?!