აქტუალური
დეპორტაცია: ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს 63 მოქალაქე გააბრუნეს

      საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი ჩაატარეს.
პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრნენ გერმანიის ქალაქ ჰანოვერისა და საბერძნეთის დედაქალაქ ათენის აეროპორტებში, სადაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს 63 მოქალაქის დაბრუნების პროცესს დაესწრნენ.
"დასაბრუნებელი პირების მიღების, შემოწმების და მგზავრობის პროცესის მონიტორინგი უწყვეტად მიმდინარეობდა და დაბრუნების ოპერაციის განმავლობაში რაიმე სახის ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება არ მომხდარა. პროცესს კოორდინირებას უწევდა ევროპის კავშირის სახელმწიფოთა გარე საზღვრების მართვის ოპერატიული თანამშრომლობის ევროპული სააგენტოფრონტექსი“ (FRONTEX)", - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.