სამართალი
შსს-ს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს აშშ-ის ელჩი ეწვია

      საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს (JMOC) აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი დელეგაციასთან ერთად ეწვია. სტუმრებს შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან ჭაბუკიანმა უმასპინძლეს.
საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი, შსს–ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე, აშშ- ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) დაფინანსებით აშენდა.
ცენტრის მიზანია საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული საფრთხეების წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლა; ზღვაზე არალეგალური ქმედებების, საზღვაო ინციდენტებისა და საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლი; პრევენცია, გამოვლენა და რეაგირება დარღვევებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს, ისე მთელ რეგიონს; საზღვაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის ერთიანი სისტემის შექმნა; ერთიანი მართვის ცენტრის მონაწილე უწყებების მიერ ერთობლივი საზღვაო ოპერაციების, ასევე, კრიზისულ სიტუაციებში შეთანხმებულ მოქმედებათა დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა.