საზოგადოება
საქართველო მზად არის, წვლილი შეიტანოს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ნატოს ახლებური ხედვის განხორციელებაში - ლევან იზორია

      საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილეს. მონაწილეებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართეს.
„საქართველო, როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორი, აგრძელებს მონაწილეობას საერთაშორისო მისიებში ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და მალიში, მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების განსამტკიცებლად. ამავდროულად საქართველო მზად არის, წვლილი შეიტანოს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ნატოს ახლებური ხედვის განხორციელებაში, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენს დამკვიდრებას ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების სივრცეში,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.
„საქართველოს მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული და გაცხადებული თავისი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, რაც აისახა საგანგებო საპარლამენტო რეზოლუციაში, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთანავე მიიღო. ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია, რისთვისაც ხელისუფლება უმნიშვნელოვანეს რეფორმებს ახორციელებს. საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ნატოსთან და მის წევრ სახელმწიფოებთან, რასაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.