უცხოეთი
ერდოღანი - ჯონ ბასს ამერიკის ელჩად აღარ ვაღიარებთ

      საქართველო, 12 ოქტომბერი. საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთსა და ამერიკას შორის არსებულ დიპლომატიურ კრიზისში თურქეთში ამერიკის ელჩს ჯონ ბასს ადანაშაულებს. ერდოღანის თქმით, ელჩმა ვიზების გაცემის შეჩერების გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო. თავის მხრივ, სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ჯონ ბასს ამ გადაწყვეტილების მიღების დროს შეერთებული შტატების მთავრობის სრული თანხმობა ჰქონდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ელჩმა გადაწყვეტილება ამერიკის მთავრობასთან სახელმწიფო დეპარტამენტთან და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან ერთად მიიღო. თურქეთის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ის და მისი მთავრობა ჯონ ბასს ოფიციალური ვაშინგტონის წარმომადგენლად აღარ განიხილავენ.
„ჩვენ მას თურქეთში შეერთებული შტატები წარმომადგენლად აღარ განვიხილავთ. ჩვენ არ დავთანხმდებით, რომ ელჩი გამოსამშვიდობებელი მიზნით მინისტრთა კაბინეტს ეწვიოს“ - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ჯონ ბასი თურქეთში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე 2014 წლის სექტემბერში დაინიშნა. მას ამ ქვეყანაში უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, შესაბამისად, ელჩს ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ჰქონდა დაგეგმილი. თურქეთის შემდეგ, ჯონ ბასი შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობას ავღანეთში დაიკავებს.
თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთის სპეცსამსახურებმა ამერიკის საელჩოს თანამშრომელი ჯაშუშობის და ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით დააკავეს. საპასუხოდ, 8 ოქტომბერს სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა და თურქეთის მოქალაქეებისთვის საემიგრაციოს გარდა, ყველა ტიპის ვიზის გაცემა გაურკვეველი ვადით შეაჩერა. სახელმწიფო დეპარტამენტის ამ გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში ანალოგიურ ზომას მიმართა თურქეთის მთავრობაც და შეერთებული შტატების მოქალაქეებზე თურქეთის ვიზის გაცემა შეაჩერა. ამერიკის დიპლომატიური მისიის მეთაური შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ თურქეთის ხელისუფლებამ სამხილების გარეშე საელჩოს თანამშრომელი დააკავა. ჯონ ბასი ხელისუფლებისგან მისი თანამშრომლის ბრალეულობის დამამტკიცებელ დოკუმენტაციას ითხოვს, თუმცა როგორც თავად აღნიშნავს უშედეგოდ.

1tv.ge