საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, შრომის ანაზღაურების სახით 78.4 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯა. შედეგად, მკვეთრად არის გაზრდილი სამთავრობო დანაზოგები, რომელმაც 2017 წლის გასულ პერიოდში დაახლოებით 1,300 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 100%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.
მნიშვნელოვანად გაიზარდა კაპიტალური ხარჯები - 9 თვეში ინფრასტრუქტურულ და საინვესტიციო პროექტებზე 1.934.5 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 395.2 მილიონი ლარით აღემატება. სულ 2017 წელს ინფრასტრუქტურულ და საინვესტიციო პროექტებზე 3 მილიარდ ლარზე მეტი მიიმართება.
2017 წლის პირველ 8 თვეში 29 პროცენტით გაიზარდა საქონლის ექსპორტი.
29 %-ით არის გაზრდილი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები.
ფულად გზავნილებთან მიმართებაში ზრდა 22 პროცენტს შეადგენს.
„ჯამში, მიმდინარე ანგარიშის ეს 3 ნაკადი - ექსპორტი, ტურიზმი და ფულადი გზავნილები - 931 მლნ აშშ დოლარით ანუ 26%-ით გაიზარდა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. „2016 წელს დაფიქსირებული 12.8-პროცენტიანი მაჩვენებელი, ექსპორტისა და ტურიზმის მაღალი ზრდის შედეგად, 2017 წლის პირველ კვარტალში - 11.7 პროცენტამდე, ხოლო მე-2 კვარტალში 7.4 პროცენტამდე შემცირდა“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.