დღეს, 28 იანვარს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დიდ დარბაზში ეროვნული კინოცენტრი გამართავს კინოკომისიის პრეზენტაციას.
საქართველოს კინოკომისია ეროვნული კინოცენტრის ქვესტრუქტურაა და მისი მიზანია, მოიზიდოს უცხოელი კინომწარმოებლები საქართველოში გადასაღებად.– პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება კინოკომისიის ახლადშექმნილი ვებგვერდი, რომელიც დაინტერესებული პირებისთვის იქნება მნიშვნელოვანი წყარო, რათა ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ საქართველოში კინოწარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, – აცხადებენ პრეზენტაციის ორგანიზატორები.
კინოკომისია დააკავშირებს უცხოელ კინემატოგრაფისტებს ადგილობრივ პარტნიორებთან და უზრუნველყოფს საკონტაქტო ინფორმაციას ადგილობრივი სერვის–პროვაიდერი კომპანიების, ფილმმწარმოებლებისა და სხვა საჭირო საკითხების შესახებ.
ის იმოქმედებს როგორც შუამავალი კინემატოგრაფისტებსა და სახელმწიფო ორგანოებს შორის, კონსულტაციას გაუწევს პროდიუსერებს ერთობლივი წარმოების სფეროში, შესთავაზებს უცხოელ ფილმმწარმოებლებს გადასაღებად მომხიბვლელ ადგილებსა და კონკრეტული პროექტის საჭიროების გათვალისწინებით დაეხმარება მათ გადაღების დაგეგმვაში.