სამართალი
"მარგველაშვილი ქართველ ხალხს გაემიჯნა და ოპოზიციის პრეზიდენტად დარჩა!" -კობახიძე

      საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. "პირველი არხისთვის" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმას ეხება, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის და ოპოზიციის ურთიერთობაზეც ილაპარაკა. ირაკლი კობახიძემ გიორგი მარგველაშვილს ინტერვიუში "ოპოზიციონერი პრეზიდენტი" ორჯერ უწოდა. მისი განცხადებით, პრეზიდენტი საბაბს ეძებდა იმისთვის, რომ პროცესში არ ჩართულიყო და ხელი შეეშალა როგორც კომისიისთვის და პარლამენტისთვის, ასევე კონსენსუსის ჩამოყალიბებისთვის. კობახიძის თქმით, პრეზიდენტმა ამ მიზანს ვერ მიაღწია:
"პრეზიდენტმა საკუთარი თავის სრული ლუსტრაცია მაშინ მოახდინა, როცა ოპოზიციის მიერ შექმნილ დოკუმენტს თანხმობის დოკუმენტი უწოდა. მან პირდაპირ აჩვენა, რომ ოპოზიციის პრეზიდენტია და არა - ქართველი ხალხის. ის ქართველ ხალხს გაემიჯნა და ოპოზიციის პრეზიდენტად დარჩა. პრეზიდენტი თავის თავს ყოველდღიურ რეჟიმში ასე წარმოაჩენს და ეს დღესავით ნათელია", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.