უცხოეთი
ლვოვის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დააჯარიმა

      საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. ლვოვის ოლქის ქალაქ მოსტისკის სასამართლომ, ოდესის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დამნაშავედ ცნო და 3 400 გრივნით (130 აშშ დოლარი) დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს.
თავად მიხეილ სააკაშვილი განაჩენის გამოცხადების დროს დარბაზში არ იმყოფებოდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სააკაშვილმა ასევე უნდა გადაიხადოს სასამართლოს გადასახადი - 320 გრივნა.
10 სექტემბერს, სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე მისმა მხარდამჭერებმა გადაიყვანეს. მათ კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ.
უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს 26 ივლისს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.

 

imedinews.ge