საზოგადოება
სკანდალური სატელეფონო საუბარი - „40-მილიონიანი ნივთი პატრიარქისთვის“ - „პირველი რადიოს“ ექსკლუზივი

     საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. გაზეთ „ქრონიკა პლუსის" მთავარმა რედაქტორმა „პირველ რადიოს“ პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის და აფრიკაში მყოფი ალეკო ამაღლობელის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი მიაწოდა. ამაღლობელი თეთრუაშვილს პროფესორად და ყოფილ სამხედრო მოსამსახურედ წარუდგა და საკუთარი თავი ძველი შეხვედრებიდან გაახსენა. სატელეფონო საუბარში ამაღლობელი ამბობს, რომ აფრიკაში გარდაიცვალა ადამიანი, რომელიც 1977 წელს საქართველოს პატრიარქთან ერთად საბერძნეთში იმყოფებოდა და მან პატრიარქს 40 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების "ძალიან ძვირფასი რამ" დაუტოვა. ამაღლობელი ამბობს, რომ მას სურს, ეს ნივთი საქართველოს პატრიარქს თეთრუაშვილის მეშვეობით გადასცეს. სატელეფონო საუბრისას თეთრუაშვილი და ამაღლობელი თანხმდებიან, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლისას მათი შეხვედრა შედგება (აუდიოჩანაწერს მოუსმინეთ აქ).
"პირველ რადიოსთან" კომენტარი გააკეთა "ქრონიკა პლუსის" მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ. "როგო მოისმინეთ, ჩანაწერი, რომელიც ახლა გავასაჯაროვე, შორენა თეთრუაშვილს ეხება. მოისმინეთ, რომ მას უკავშირდება კონკრეტული პირი, რომელსაც სურს, გადასცეს პატრიარქისთვის ანდერძით დატოვებული 40 მილიონის ღირებულების ნივთი. ჩემი წყაროს ინფორმაციით, ეს უძვირფასესი ქვაა, ამავე წყაროს ცნობით, აღნიშნულმა პიროვნებამ მდივან რეფერენტს 40-მილიონიანი ძვირფასი ქვა ნამდვილად გადასცა, მაგრამ შორენა თეთრუაშვილს ის საპატრიარქოში არ მიუტანია", - განაცხადა კილაძემ.