საზოგადოება
დადასტურდა H1N1 ვირუსის 135 შემთხვევა

swine_flu

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში რესპირატორული ვირუსის გართულებული ფორმით უკვე ასზე მეტი ადამიანი მკურნალობს.

ექიმები პაციენტთა რაოდენობის მატებას მომდევნო თვეშიც ელოდებიან. ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის H1N1 ვირუსის 163 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეს საშუალო მაჩვენებელია და ის პანიკის საფუძველს არ იძლევა.

 ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში კი წუხელ, გვიან ღამით, 41 წლის ქალბატონი გარდაიცვალა.

მედიკოსების განცხადებით, პაციენტი კლინიკაში უკვე გრიპის გართულებული ფორმით შემოვიდა, რაც გახდა პაციენტის გარდაცვალების მიზეზი.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ღორის გრიპის ვირუსით ამ დროისთვის კიდევ ერთი პაციენტი მკურნალობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის თერაპიულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

აჭარაში სულ ამ დროისთვის H1N1 ვირუსის 7 ფაქტია დადასტურებული, მათ შორის 4 ამბულატორიული შემთხვევაა.