აქტუალური
ნიკა გილაური ბიზნეს–ომბუდსმენის თაობაზე დავით ბაქრაძეს შეხვდება

baqardze-gialuriდღეს, 28 იანვარს, საქართველოს პრემიერ-მონისტრი ნიკა გილაური პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს შეხვდება. ისინი ბიზნეს–ომბუდსმენის კანდიდატურას განიხილავენ.

როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრმა ის სწორედ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით უნდა დაასახელოს. კანდიდატებად ნიკა გილაურის მთავარი მრჩეველი ბიზნესის ინტერესების დაცვის საკითხებში გიორგი პერტაია, შპს “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია და სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი არიან წარდგენილი. ბიზნეს–ომბუდსმენის თანამდებობაზე, სავარაუდოდ, გიორგი პერტაია დასახელდება.

როგორც ცნობილია, ბიზნეს–ომბუდსმენის დანიშვნას ახალი საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს. იგი ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების საბჭოში იმუშავებს. მისი მოვალეობა კერძო სექტორის ინტერესების დაცვა და მთავრობასა და კერძო სექტორს შორის ერთგვარი შუამავლის ფუნქციის შესრულება იქნება.

საგადასახადო ომბუდსმენი ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე, რადგან ის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წელიწადში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს გადასახადების გადამხდელთა უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ.

საქინფორმის კორესპონდენტის მიერ ჩატარებულ სპეციალისტთა ექსპრეს–გამოკითხვისას, საგადასახადო ობუდსმენის ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით, აზრი ორად გაიყო. ექსპერტთა დიდმა ნაწილმა საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტი სრულიად უსარგებლოდ მიიჩნია, ხოლო მეორე ნაწილის აზრით, საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტის ამოქმედება საჭიროა, თუ ომბუდსმენს ექნება რეალურად მოქმედების სურვილი და საშუალება.