უცხოეთი
დავით საყვარელიძე უკრაინის გამოძიებამ ეჭვმიტანილად ცნო

    საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს, დავით საყვარელიძეს პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე ხალხის უკანონო გადაყვანის საქმეში ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ ოქმი ჩააბარეს. ამ პროცესის ამსახველი მასალა საყვარელიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
სამართალდამცველები საყვარელიძესთან სახლში სადილობისას მივიდნენ. უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ოქმს პოროშენკოს საჩუქარი უწოდა.
მასში ნათქვამია, რომ დავით საყვარელიძე საზღვარზე პირთა ჯგუფის, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეების, უკანონო გადაყვანის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი.
საყვარელიძე პოლიციაში ჩვენების მისაცემადაც დაიბარეს.
უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შესვლაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. პოლიციის ცნობით, შეგინის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მომხდარის გამო სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით აღიძრა. ამ დანაშაულისთვის უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსი 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 
ლვოვში სააკაშვილი მას შემდეგ ჩავიდა, რაც უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტთან მისმა მხარდამჭერებმა ცოცხალი კორდონი გაარღვიეს.
უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს 26 ივლისს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.