პოლიტიკა
გირგვლიანის მკვლელობისთვის ხელისუფლება პასუხს მაინც აგებს

girgvliani_sandroდღეს, 28 იანვარს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 5 წელი გავიდა. გაერთიანებული ბანკის თანამშრომელი 5 წლის წინათ 2006 წლის 28 იანვარს მოკლეს. ინციდენტი დაიწყო შარდენ ბარში, სადაც შსს-ს თანამშრომლებსა და სანდრო გირგვლიანს შორის შელაპარაკება მოხდა. სანდრო გირგვლიანი მეგობართან, ლევან ბუხაიძესთან ერთად ლესელიძის ქუჩიდან გაიტაცეს, მოგვიანებით კი გირგვლიანის ნაწამები ცხედარი ოქროყანის სასაფლაოზე აღმოაჩინეს.

მისი მკვლელობისთვის ამჟამად სასჯელს იხდიან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები ავთანდილ აფციაური, გია ალანია, ალექსანდრე ღაჭავა და მიხეილ ბიბილურიძე, თუმცა იმ ადამიანებისთვის, ვინც დღევანდელ აქციაზე მივა, ეს მკვლელობა გახსნილი არ არის. ორგანიზაცია “თავისუფალი საქართველოს” ინიციატივით, საზოგადოება საღამოს 7 საათზე შარდენის ქუჩაზე შეიკრიბება და პატივს მიაგებს სანდრო გირგვლიანის ხსოვნას.

 

მიმი გაბრიჩიძე, “თავისუფალი საქართველოს” გენერალური მდივანი:

– ჩვენ ამ აქციით გვინდა, პირველ რიგში, სააკაშვილს და შემდეგ მის მთავრობას შევახსენოთ, რომ ეს დღე, ეს ადამიანი, ეს ფაქტი არასდროს დაგვავიწყდება და ქართველი ახალგაზრდებისა თუ საზოგადოების ის ნაწილი ყოველთვის იარსებებს, რომელიც ხელისუფლებას აუცილებლად მოსთხოვს ამ საქციელზე პასუხს.