რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოში ნატოს თითო წვრთნას ავღანეთში სამი ქართველი ჯარისკაცი ეწირება!

     „სააკაშვილი აუცილებლად წარდგება ქართული სასამართლოს წინაშე!“ - აცხადებს თავის  ინტერვიუში „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი.
- ბატონო არნო, ერთი კვირის წინ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში თქვით, რომ ნატოს ხელმძღვანელობას ეშინია, წვრთნა „Agile Spirit – 2017“ ორფოლოს პოლიგონზე ისევე არ ჩაუშხამდეთ, როგორც ერთი თვის წინ ვაზიანის პოლიგონზე „Noble Partner – 2017“, რომლის ჩატარების დროს ავღანეთში ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა და ორი დაიჭრა. სამწუხაროდ, გასულ ოთხშაბათს ავღანეთში ისევ სამი ქართველი სამხედრო დაიჭრა, ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ რჩება...
- ამდენი დამთხვევა შემთხვევით არ ხდება. ემთხვევა წვრთნების ჩატარების თარიღიც: „Noble Partner“ ვაზიანის პოლიგონზე, გახსნის კონცერტს და ნაკლებ საზეიმო დახურვას თუ არ ჩავთვლით, 1–11 აგვისტოს გაიმართა; „Agile Spirit“ ორფოლოს პოლიგონზე ზუსტად ერთ თვეში, 1-13 სექტემბერს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ნატოს შეშინებულმა სარდლობამ - აქაოდა, ისევ რამე ტრაგედია არ დაემთხვეს ან ქართველებმა ხანძრების ჩაქრობაში დახმარება არ გვთხოვონო! - წვრთნის დაწყება 3 სექტემბრისთვის გადაიტანა და 11 სექტემბრამდე შეამოკლა. თუმცა, ამან არ უშველა - საქართველოში ნატოს პირველი და მეორე წვრთნების დროს, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით ერთ თვეში ჩატარდა, ავღანეთში 6 ქართველი სამხედრო (3+3) დაშავდა, თან ზუსტად ერთსა და იმავე რიცხვში - 6 აგვისტოს და 6 სექტემბერს! დავამატებ, რომ ორივე შემთხვევა ბაგრამის ბაზის დაცვის დროს მოხდა.
- რით ახსნით ამ სასწაულ დამთხვევას, თუ არა შემთხვევითობით?
- საქმე ისაა, რომ მის შემდეგ, რაც რუსეთმა და სირიის არმიამ გასულ კვირას ისლამური სახელმწიფოს ბოლო ციტადელი - ქალაქი დაირ-ეზ-ზაური აიღეს, ყველა რჯულის ტერორისტები - ისლამური სახელმწიფო იქნება ეს, ჯებჰად-ან-ნუსრა თუ თალიბანი -  პარტიზანულ ომზე გადავიდნენ, რაც ჩვენთვის ბევრად უფრო სახიფათოა. ტერორისტები დასჯიან ყველას, ვინც მათ წინააღმდეგ ომობდა - რუსეთს, კოალიციის 15 ქვეყანას აშშ-ის მეთაურობით  და მათ მოკავშირეებს. მათ შორის საქართველოს, რომელიც არა მარტო თავის ჯარისკაცებს აგზავნის ავღანეთში და ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია (1000 მებრძოლი მუდმივად ISAF-ის მისიაში, რომელსაც დღეს Resolute Support Mission ჰქვია), არამედ საკუთარ ტერიტორიაზეც ნატოს საერთაშორისო წვრთნებს ატარებს.


 - ამიტომ ეშინია ნატოს ხელმძღვანელობას, რომ ყველა ეს დანაკარგი - 34 დაღუპული და ასზე მეტი დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურე - საქართველოში ნატოს იმიჯზე უარყოფითად აისახება?
- რა თქმა უნდა! ქართველი ხალხი ფიქრობს - რა უნდათ ჩვენს საუკეთესო ბიჭებს შორეულ ავღანეთში? არ ჯობია, ბაგრამში ამერიკელების ავიაბაზის მაგივრად საოკუპაციო ხაზთან დადგნენ - ქართლელი გლეხების შრომა და ქართული სოფლები დაიცვან?! ენგურის ხიდთან და ხურჩა-ნაბაკევის გადასასვლელთან ეს ჩვენი ლომები რომ მდგარიყვნენ, გაბედავდა კი გიგა ოთხოზორიას ნაძირალა მკვლელი აქეთ გადმოსვლას და დღისით-მზისით თავხედურად ამ საზარელი დანაშაულის ჩადენას?! არ არის ეს ყველა ქართველის სულში ჩაფურთხება?! განა რა უნდა დაუჯდეს სახელმწიფო ბიუჯეტს ქართული ჯარის ამ ათასკაციანი საუკეთესო ქვედანაყოფის საქართველოში შენახვა?! ჩინოვნიკების პრემია-დანამატებზე მეტი ხომ არა?!
- თანაც, ხალხი ხედავს, რომ ნატო არაფერში დაგვეხმარა არც 2008 წელს და არც დღეს, როცა ნახევარი საქართველო იწვოდა, ბატონო არნო...
- ადამიანები იმასაც კარგად ხედავენ, რომ ჩვენი მეზობლები - სომხები და აზერბაიჯანელები - საქართველოში ნატოს წვრთნებზე კარგად ჩამოდიან, გამოცდილებას ღებულობენ, მაგრამ ნატოში შესვლას არ აპირებენ და ამის სანაცვლოდ სისხლიან ხარკს, შესაბამისად, არ იხდიან! მაშ, გვიღირს ეს ჩვენ, ქართველებს?!
და საერთოდ - თუ ხელისუფალი ხარ, უფალს უნდა უსმინო, როცა ის მინიშნებებს გიგზავნის ამ სასწაული „დამთხვევების“ სახით! მარგველაშვილს ჰგონია, სააკაშვილის მსგავსად გასულ კვირას მთებში როცა ავიდა, ამით ღმერთს მიუახლოვდა?! ნურას უკაცრავად! არც მთებში ასვლით და არც თვითმფრინავის  მართვით ღმერთს არ უახლოვდები! აი, საკუთარ ხალხს კი, რომელთანაც ახლოს არასოდეს ყოფილხარ, კიდევ უფრო შორდები.... და სანთლით ხელში წირვაზე დასწრება ჯერ არ ნიშნავს, რომ მორწმუნე ხარ, როგორც გეი-აღლუმში მონაწილეობა არ ნიშნავს ევროპელობას!

მერე დამწკრივდებიან თბილისის აეროპორტში აშშ-ის ელჩის მეთაურობით „груз 200“-ის დასახვედრად, სააკაშვილის მთავრობის მსგავსად, დაიწყებენ ფარისევლურ გამოსვლებს - როგორ შეეწირა ქართველი გმირის სიცოცხლე თავისი სამშობლოს დაცვას ავღანეთში!.. კი მაგრამ, ან შვილები არ გყავთ, ან ღმერთის არ გეშინიათ?! ქართველი ხალხი და ჩვენი ჯარისკაცები მართლა დებილები ხომ ვგონივართ, წითელი კომისრების სტილში ამ ცრუ სააგიტაციო გამოსვლების გვჯეროდეს?!
- „განსაკუთრებით ჩვენ ვლოცულობთ ივერი ბუაძის ჯანმრთელობაზე და მას სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ!“ - განაცხადა გასულ ხუთშაბათს პრეზიდენტად მომუშავე მარგველაშვილმა გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში კურსდამთავრებულთა ფიცის დადების ცერემონიაზე...
- კი, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ მართლა ლოცულობს. ის, უბრალოდ, იან კელის ჰბაძავს, რომელმაც ბორჯომის ხეობაში საშინელი ხანძრის დროს ფარისევლურად განაცხადა - „განსაკუთრებით ჩვენ ვლოცულობთ მეხანძრეებზე, რომლებიც ცეცხლს ებრძვიან!“.
მარგველაშვილი ცეცხლს ეთამაშება, როცა გორში სიტყვით გამოსვლისას მტრად რუსეთს აცხადებს, მაგრამ მტერთან საბრძოლველად ფიცდადებულ ქართველ ოფიცრებს შორეულ ავღანეთში წასვლას ავალდებულებს „სამშობლოს მტრისგან დასაცავად, რაც, საუბედუროდ, ხშირად სიცოცხლესაც მოითხოვს“!
თურმე, „გლობალური სირთულე, რომელიც კაცობრიობის წინაშე დგას - ცივი ომის დასრულების შემდეგ მთელ მსოფლიოში გაჩენილი ცხელი წერტილები“ ქართველებმა უნდა ჩააქრონ! თურმე,  „ქართველ ჯარისკაცებს, პროფესიონალიზმთან და პარტნიორთა მხარდაჭერასთან ერთად, ზურგს სიმართლის მხარეს დგომა უმაგრებს“! სულ ამ სიმართლით გევლოს, მთავარსარდელო მარგველაშვილო! რატომ არ აგზავნი მაშინ „მთელი კაცობრიობის წინაშე გამოწვევებთან საბრძოლველად“ შენი ოჯახის მოძველბიჭო წევრებს  - სიძეებს თუ ქალიშვილის მეგობრებს, თბილისში „რაზბორკებით“ და ნარკოტიკებით რომ არიან დაკავებული?!  

- სხვათაშორის, ეს თავისი „სამართლე“ მარგველაშვილმა გასულ კვირას პოლონეთში მოულოდნელი ვიზიტის დროს გააჟღერა და დაამატა, რომ რუსეთი საქართველოს მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გამო სჯის“...
 - დიახ, ეს იყო კრინიცას ეკონომიკურ ფორუმზე 6 სექტემბერს - ზუსტად იმ დღეს, როცა ავღანეთში სამი ქართველი მძიმედ დაჭრეს! ამისთვის მარგველაშვილს იმავე დღეს ფორუმის სპეციალური ჯილდო გადასცეს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ოჯახის მეგობრისა და შვილის ნათლიის - ვიქტორ იუშჩენკოს ხელით!
თუ გახსოვთ, ჩვენი საუბრის დასაწყისში გითხარით, რომ შემთხვევითი დამთხვევების არ მჯერა - მარგველაშვილი პოლონეთში სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებამდე ანუ საქართველოში შესაძლო ექსტრადიციამდე 6 დღით ადრე სპეციალურად გამოიძახეს, იუშჩენკომ მას სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება სთხოვა!
მაგრამ სერიალი „HEROკრატია“-ც შემთხვევით არ გადაუღიათ - ყველაფერი იქნება ისე, და ბევრად უფრო მძაფრად, ვიდრე ხაინდრავას ფილმშია! მიშა აუცილებლად ქართული სასამართლოს წინაშე წარდგება და სიკეთე ბოროტებას სძლევს «happy ending»-ს საუკეთესო ტრადიციებში!
ესაუბრა მაია ჯავახიშვილი
2017 წლის 11 სექტემბერი
საქართველო, თბილისი