საზოგადოება
ზუგდიდის ბიუჯეტი ამჯერად დღის 3 საათზე მიიღეს

municipalitetiზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. 2010 წლის 29 დეკემბერს, საღამოს 9 საათზე, პირველი მოსმენით მიღებული 2011 წლის ბიუჯეტი საბოლოოდ მიიღეს. წინააღმდეგი იყო მხოლოდ ,,თავისუფალი დემოკრატების’’ წარმომადგენელი გია ალასანია. შეიქმნა ახალი ,,ოპოზიციური” ფრაქცია ,,ჩვენ თვითონ” სამი დეპუტატის შემადგენლობით.

ამ სხდომაზე ძირითადი საკითხი იყო ბავშვთა ბაღების კეთილმოწყობისა და დაფინანსების საკითხი. ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი გელა ლემონჯავა (ნაციონალების წარმომადგენელი) ომის მოწყობითაც კი დაემუქრა ხელისუფლებას ,,სოფლის მოსახლეობის სურვილის გათვალისწინების გარეშე და საკრებულოს გვერდის ავლით საბავშვო ბაღი გადატანილ იქნას სოფლის ბოლოს, ბავშვებსა და მშობლებს 9 კილომეტრის გავლა უხდებათ. თუ ჩემთან ომი უნდათ, მეც მოვუწყობ ომს, ვისაც უნდა,” – განაცხადა გელა ლემონჯავამ. ბაღის გახსნას ითხოვდა სოფელ ხურჩაში კოკის (ხურჩა ამ სოფლის შემადგენლობაშია) მაჟორიტარი დეპუტატი დალილა ჩიქავა. ,,ამ ენგურსგაღმა მდებარე სოფელში, რამდენი ხანია, ვითხოვთ ბაღის გახსნას, მაგრამ არ დაადგა საშველი. სოფელში სკოლაც არ არის და ბავშვები გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის სკოლაში დადიან,”- აღნიშნა დ. ჩიქავამ.

აღსანიშნავია, რომ ხურჩაში მგზავრების მოსაცდელი გააკეთეს, მაგრამ მოსახლეობა ხუმრობს: ,,გზა არ გვაქვს, ტრანსპორტი არ მოძრაობს და მოსაცდელი რად გვინდაო, ვის და რას მოვუცადოთო”.

საკრებულოს სხდომაზე დაისვა საკითხი ბოტანიკური ბაღის (სანამ მთლიანად არ გაჩანაგებულა და არ განადგურებულა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.