ტყიბულის მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება. როგორც ჟურნალისტებს ტყიბულის მაღაროს ტექნიკურმა დირექტორმა ზაზა გორდეზიანმა განუცხადა, გაფიცულთა რაოდენობა მისთვის უცნობია.
მისივე თქმით, გამოძიება ჩატარდება და, სპეციალური კომისიის დასკვნის შემდეგ, საგამოძიებო ჯგუფი გადაწყვეტილებას მიიღებს.
გაფიცულები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუ როგორ გააგრძელონ მუშაობა. ისინი თბილისიდან პროფკავშირების წარმომადგენლებს ელოდებიან, – აღნიშნა ზაზა გორდეზიანმა.
ტყიბულის მაღაროს ტექნიკურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ამჟამად ძიძიგურის სახელობის მაღარო შეუფერხებლად მუშაობს.
მინდელის სახელობის მაღაროში კი, სადაც ახლახან აფეთქება მოხდა და ერთი ადამიანი დაიღუპა, სპეციალური სამორიგეო რეჟიმი დაწესდა; მუშაობს წყალამოღვრისა და სავენტილაციო სისტემები, შეუფერხებლად მიმდინარეობს მაღაროს ელექტროენერგიით მომარაგება.
გაფიცვა ტყიბულის მაღაროელებმა გუშინ, 26 იანვარს, დაიწყეს.