უცხოეთი
სააკაშვილმა უკრაინაში დაბრუნების დეტალებზე ისაუბრა (ვიდეო)

    საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებამ მისი დაბრუნების შემთხვევაში 3 სცენარი შეიმუშავა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია NewsOne-თან ინტერვიუში ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინაში დაბრუნებას 10 სექტემბერს გეგმავს. სააკაშვილის განმარტებით, ის უკრაინა პოლონეთი-უკრაინის საზღვარს კრაკოვეცის გამშვები პუნქტის გავლით გადაკვეთავს (ვიდეოს იხ. აქ).
"მათ აქვთ 3 სცენარი. პირველი: არ გადამაკვეთინონ საზღვარი, წამართვან პასპორტი და უკან პოლონეთში დამაბრუნონ. მეორე: შემიშვან ქვეყანაში, თუმცა შემდეგ ნებისმიერი მიზეზით დამაკავონ და ჩემი საქართველოში ექსტრადიციის პროცესი დაიწყონ. მესამე: საზღვარზე რამე ინციდენტები მოაწყონ, მაგალითად მუქარა", - განაცხადა სააკაშვილმა. მიხეილ სააკაშვილს 26 ივლისს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა. უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციამ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზებზე განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია პერსონალურ მონაცემებს შეიცავს და ვერ გაასაჯაროებენ