2017 წლის 20 აგვისტოს ბორჯომის ხეობაში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის კერა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ გადამწვარი ტყის ფართობზე – 2014-2017 წლებში აღდგენილ ტერიტორიებსა და 2008 წლის ხანძარს გადარჩენილი ტყის მასივს შორის არსებულ ტერიტორიაზე წარმოიშვა. ცეცხლის სწრაფად გავრცელება ძლიერმა ქარმა, რთულმა რელიეფურმა პირობებმა და ტერიტორიაზე არსებულმა ნახანძრალი მცენარეების, ბუჩქებისა და ბალახის სწრაფმა წვამ განაპირობა. ბორჯომის ხეობის აღნიშნული ნაწილი 6 დღის განმავლობაში იწვოდა და მისი ლოკალიზება 26 აგვისტოს მოხერხდა. ჯერჯერობით, არ გამოქვეყნებულა ოფიციალური ინფორმაცია, თუ რა მასშტაბის ტყის ფართობია განადგურებული, თუმცა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის განცხადების თანახმად, დაახლოებით 100 ჰექტრამდე ტერიტორიაა დამწვარი.
ხანძრის ლიკვიდაციაში საქართველოს დახმარების სურვილი ბევრმა სახელმწიფომ გამოთქვა. სამუშაოებში ჩართული იყო მეზობელი აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი, ასევე, ბელარუსი – აღნიშნულმა ქვეყნებმა საქართველოში გამოგზავნეს სახანძრო ვერტმფრენები, თვითმფრინავები, მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა. დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს გერმანიამ, რუმინეთმა, საბერძნეთმა, ისრაელმა, უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა, ირანმა, ბულგარეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა (ბმული 1; ბმული 2).
რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის მხრიდან დახმარების სურვილს, ამ საკითხზე რამდენადმე განსხვავებული წყაროები და, შესაბამისად, ინფორმაცია არსებობს. ფაქტ-მეტრმა შეაგროვა ყველა ის მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც ხელისუფლების მხრიდან რუსეთის შესაძლო დახმარებაზე გავრცელდა.
22 აგვისტო, 2017
გიორგი კვირიკაშვილი: „რუსეთმა გამოთქვა მზადყოფნა დახმარების. ვფიქრობთ, რომ ეს წინადადება არის მისასალმებელი, ჩვენ გაგვაჩნია პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი, ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი ქვეყნის წინაშე. გამომდინარე პასუხისმგებლობის ამ მაღალი ხარისხიდან, ვფიქრობთ, რომ იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გაგვაჩნია ძალიან რთული ურთიერთობა რუსეთთან, ასეთი წინადადება არის მისასალმებელი“.
მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართულმა მხარემ ოკუპანტ რუსეთს დახმარება თავად სთხოვა. გაჟღერდა სხვადასხვა ვერსია იმ არხის შესახებ, რომლითაც საქართველომ დახმარება ითხოვა. ეს დისკუსია განსაკუთრებით მაშინ გაძლიერდა, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ოფიციალური თბილისის თხოვნას გამოეხმაურნენ.
26 აგვისტო, 2017
მარია ზახაროვა (რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი): „ჩვენ მაშინვე გამოვეხმაურეთ თბილისის თხოვნას, დავხმარებოდით ბორჯომ-ხარაგაულის ნაციონალურ პარკში ხანძრის ჩაქრობაში. ამისათვის გამოვყავით თვითმფრინავი Ил-76 МЧС. თუმცა, ამის შემდეგ ქართულმა მხარემ მადლობა გადაგვიხადა და თქვა, რომ ხანძრის კერები ლოკალიზებული იყო და ჩვენი დახმარების აუცილებლობა აღარ არსებობდა”.
მის საპასუხოდ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა, რომ საქართველომ მიმართა არა რუსეთის ფედერაციას, არამედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, რომელმაც თავის მხრივ მოთხოვნა გაუგზავნა სხვადასხვა სახელმწიფოებს, მათ შორის რუსეთს.
26 აგვისტო, 2017
ზურაბ ალავიძე: „რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, რუსეთმა საქართველოსგან დახმარების მოთხოვნა გაერო-ს არხებით მიიღო. დახმარების თხოვნით გაერო-ს მივმართეთ და მათი არხების საშუალებით მოხდა სხვადასხვა სახელმწიფოებისთვის მოთხოვნების გაგზავნა“.
ამავე დროს, განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში – ზურაბ აბაშიძემ.
26 აგვისტო, 2017
ზურაბ აბაშიძე: „ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, ხანძრის ჩაქრობის სალიკვიდაციო ღონისძიებებში დახმარებისთვის მიემართა სხვა სახელმწიფოებისთვის, რომელთა რიგებში არიან მეზობელი ქვეყნებიც. შედგა სატელეფონო საუბარი ჩემსა და ბატონ კარასინს შორის, რომლის დროსაც რუსეთის მხრიდან გამოიხატა ისეთი ტექნიკით დახმარების მზაობა, რომელიც გართულების შემთხვევაში შესაძლებელს გახდიდა უფრო ეფექტურ რეაგირებას. ამის შემდეგ, შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით რუსეთის მხარეს გაეგზავნა შესაბამისი ნოტა. მიმართვის დროს დაცული იყო ყველა საჭირო ფორმალობა და პროცედურა. თუმცა, მოგვიანებით, ამის აუცილებლობა დღის წესრიგში აღარ დადგა. საგანგებო ვითარების დროს, სამაშველო სამსახურების ურთიერთობა მიღებული პრაქტიკაა“. აბაშიძე ასევე დასძენს, რომ სხვა დროსაც ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქართველ და რუს სამაშველოებს ჰქონიათ კომუნიკაცია სტიქიის სალიკვიდაციოდ, თუმცა, მას არ განუმარტავს კერძოდ რომელ შემთხვევას გულისხმობდა.
იმავე დღეს სრულიად საპირისპირო განცხადებით გამოვიდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე.
26 აგვისტო, 2017
ვიქტორ დოლიძე: „არავითარი დახმარება ჩვენ რუსეთისთვის არ გვითხოვია. გაერო-ს ფარგლებში, რუსეთმა გადაწყვიტა, რომ შემოეთავაზებინა დახმარება, რაც მისასალმებელია, მაგრამ ამის საჭიროება აღარ იყო“.
უკვე 28 აგვისტოს კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ქართულმა მხარემ მიმართა რუსეთის ფედერაციას და ოფიციალური ნოტა გააგზავნა შვეიცარიის დახმარებით.
28 აგვისტო, 2017
საგარეო საქმეთა სამინისტრო: „შედგა სატელეფონო საუბარი პრემიერის სპეც-წარმომადგენელ აბაშიძესა და ბატონ კარასინს შორის, რომლის დროსაც რუსეთის მხრიდან გამოიხატა მზაობა დახმარების ისე, იგივე ტექნიკით, რომელიც გართულების შემთხვევაში შესაძლებელს გახდიდა უფრო ეფექტურ რეაგირებას. ამის შემდეგ შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით რუსეთის მხარეს გაეგზავნა შესაბამისი ნოტა, რაც არის შესაბამისი ფორმალობის და პროცედურის ნაწილი. თუმცა, მოგვიანებით ამის აუცილებლობა დღის წესრიგში აღარ დადგა“.
დასკვნა
ერთი მხრივ, ხელისუფლება იუწყებოდა, რომ საქართველომ რუსეთის მზადყოფნას, დაგვხმარებოდა ბორჯომის ხეობის ხანძრის ლიკვიდაციაში, უარით უპასუხა. პრემიერ-მინისტრის განცხადება ამის დასტურია.
მეორე მხრივ, რუსული მხარე ამბობს, რომ დახმარება პირიქით საქართველომ სთხოვა. შეუთანხმებლობაა ხელისუფლების წარმომადგენლებს შორისაც, ერთმანეთის საპირისპირო განცხადებებს აკეთებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მისი სპეც-წარმომადგენელი, ევროინტეგრაციის მინისტრი და ინფრასტრუქტურის მინისტრი. ეს კი, თავის მხრივ, რუსეთისადმი ერთიანი პოზიციის და კოორდინაციის არაარსებობის მანიშნებელია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეფასებით კი, საქმე გვაქვს მოსახლეობისთვის ინფორმაციის დამალვასთან.
რაც შეეხება ხანძარს, მისი ლიკვიდაცია რუსეთის დახმარების გარეშეც მოხერხდა. დიდი დრო დასჭირდება განადგურებული ტერიტორიის აღდგენას, ისევე, როგორც დიდი დრო და თანხები დასჭირდა რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის ომის დროს გადამწვარი ბორჯომის ხეობის აღდგენას.
GRASS
ირინა გურგენაშვილი