აქტუალური
მღებრიშვილი არ გამორიცხავს, რომ აბასთუმანში ხანძარი ხელოვნურად იყოს გაჩენილი

    საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი არ გამორიცხავს, რომ აბასთუმანში ხანძარი ხელოვნურად იყოს გაჩენილი. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას ამ ხანძართან დაკავშირებით შეკითხვები აქვს.
ამასთან, მღებრიშვილი ამბობს, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ამ ეტაპზე ჯარის ჩართვის საჭიროება არ არის. რაც შეეხება დახმარებას, მინისტრის თქმით, აზერბაიჯანის, თურქეთის და უკრაინის ავიაცია უკვე გზაშია და დღის 3-4 საათისთვის აბასთუმანში იქნება.
მთელი ღამის განმავლობაში აბასთუმანში გაჩენილ ხანძარს ცოცხალი ძალა აქრობდა. მობილიზებული იყო სპეციალური მძიმე ტექნიკა, რომლითაც ხანძრამდე მისასვლელი გზა უნდა გაიჭრას. შს მინისტრის დავალებით ადგილზე გვიან ღამით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რამდენიმე ასეული თანამშრომელი ჩავიდა.




 

ბორჯომის ხეობიდან აბასთუმანში გადაინაცვლა საგანგებო შტაბმაც. არაოფიციალური ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰექტარი ფართობი, იწვის წიწვოვანი ხეები.