პოლიტიკა
არჩევნების წინ პროდასავლური ოპოზიცია მთავარ გამოწვევად პრორუსული პარტიების გაძლიერებას ასახელებს

    საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. თვითმმართველობის არჩევნების წინ პროდასავლური ოპოზიცია მთავარ გამოწვევად პრორუსული პოლიტიკური პარტიების გაძლიერებას და ამ მიმართულებით ხელისუფლების უმოქმედობას ასახელებს.
რესპუბლიკელები ოკუპანტებთან პოლიტიკური თამაშების აკრძალვას საკანონმდებლო დონეზე ითხოვენ. პროდასავლური ძალები, სხვა ლიბერალურ ძალებთან ერთად, კანონპროექტის მომზადებას აპირებენ, რომელიც რუსული გავლენის შეზღუდვას შეუწყობს ხელს.
რესპუბლიკელების კრიტიკას პატრიოტთა ალიანსის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. ირმა ინაშვილმა ლევან ბერძენიშვილი თავად დაადანაშაულა ოკუპანტ ქვეყანასთან მჭიდრო კონტაქტში. ლევან ბერძენიშვილმა ირმა ინაშვილის ასეთ გამოხმაურებაზე რეაქცია საჭიროდ აღარ ჩათვალა.
აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი რესპუბლიკურ პარტიას დღეს მათსავე ოფისში ესტუმრა. ამერიკელმა დიპლომატმა ქვეყანაში მრავალპარტიული პარლამენტის მნიშვნელობაზე ილაპარაკა. 
პატრიოტთა ალიანსის კრიტიკა ამერიკელმა დიპლომატმაც დაიმსახურა.
მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, რომელმაც საქართველოში კრემლის გავლენის ინდექსი შეისწავლა, ამბობს, რომ იმ 4 ქვეყანას შორის, სადაც ამ ტიპის კვლევა ჩატარდა, საქართველო მესამე ადგილზეა.