აქტუალური
სამხრეთ ოსეთმა საზღვარზე საინჟინრო სამუშაოები დაასრულა

    საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. „საქართველოსთან მოსაზღვრე სოფელ არცევის რაიონში ხანძარსაწინააღმდეგო ზოლის აღსადგენი საინჟინრო სამუშაოები დასრულებულია“, - იუწყება სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი. „ამ შემთხვევაში საზღვრის გადანაცვლებაზე ლაპარაკი არ არის“, - ადასტურებს ქართული მხარე.
„ხანძარსაწინააღმდეგო თხრილების გაყვანა აუცილებელია ტყეებსა და მინდვრებში გაჩენილი ცეცხლის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, და მათ არავითარი კავშირი არ აქვთ ე.წ. საზღვრის გადაწევასთან. ხანძარსაწინააღმდეგო თხრილები მხოლოდ სასაზღვრო ზოლის გასწვრივ კეთდება და ადგილობრივ მცხოვრებთა მიწის ნაკვეთებს არ ეხება. ყველა სამუშაოს სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეები ატარებენ“, - განუცხადეს „კავკაზსკი უზელის“ კორესპონდენტს სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტში.
უწყებაში აღნიშნეს, რომ სოფელ არცევთან სამუშაოები უკვე დასრულდა, ხოლო „1-დან 30 სექტემბრის ჩათვლით სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახური ანალოგიური სამუშაოს ჩატარებას გეგმავს სამხრეთ ოსეთის ლენინგორის რაიონის საზღვრისპირა დასახლებულ პუნქტებში ორჭოსანსა და ამძარინში (წინაგარი)“.
„შარშან ოქტომბერში საქართველოს მხრიდან გავრცელებულმა ცეცხლმა სასაზღვრო საინფორმაციო ნიშანი დააზიანა. ამ მონაკვეთზე ხანძარსაწინააღმდეგო თხრილი არ იყო, ამიტომაც გადმოვიდა ცეცხლი საზღვარს აქეთ. ამგვარ ინციდენტებთან დაკავშირებით განვაახლეთ ხანძარსაწინააღმდეგო თხრილების გაყვანა საზღვარზე“, - განმარტეს ცხინვალში.
„ამ ეტაპზე ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები ტარდება საოკუპაციო ხაზზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაჩნდა. საზღვრის გადმონაცვლებაზე და ახალ ტერიტორიებზე ლაპარაკი არ არის“, - განუცხადეს „კავკაზსკი უზელის“ კორესპონდენტს საქართველოს სუს-ში.