უცხოეთი
რეჯეფ თაიიფ ერდოღანიერდოღანი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს: შენი ადგილი იცოდე!

     თბილისი, 22 აგვისტო, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი უხეშად გამოეპასუხა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ზიგმარ გაბრიელის ბრალდებას, რომ ანკარა „უხეშად ერევა“ გერმანიის წინასაარჩევნო კამპანიაში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. თურქეთის პრეზიდენტმა ზიგმარ გაბრიელს თურქეთის ტელევიზიის პირდაპირი ეთერით მიმართა: "მან არანაირი საზღვარი არ იცის! ვინ ხარ შენ, რომ თურქეთის პრეზიდენტს ელაპარაკები? შენი ადგილი იცოდე!.. ჭკუასაც რომ გვასწავლის... რამდენი ხანია, რაც პოლიტიკაში ხარ? რამდენი წლისა ხარ?"
მანამდე, გასულ კვირაში, თურქულმა გამოცემა Hurriyet Daily News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერდოღანმა გერმანიაში მცხოვრებ წარმოშობით თურქებს მოუწოდა, არ მისცენ ხმა არჩევნებში გერმანიის კანცლერ მერკელსა და პარტიული ალიანსის („ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ და „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია“) ლიდერ მარტინ შულცს.
თურქეთის ლიდერის განცხადებით, ალიანსის წევრი პარტიები „თურქეთის მტრები არიან“. 
ერდოღანის განცხადებას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ეს გერმანიის წინასაარჩევნო კამპანიაში უხეში ჩარევაა“, და მოუწოდა თურქული წარმოშობის მოქალაქეებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ბუნდესტაგის არჩევნებში და ხმა დემოკრატიულ პარტიას მისცენ.
შეგახსენებთ, გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნები 24 სექტემბერს გაიმართება.