ლილო, „ბავშვთა სამყარო“, ელიავა, ფოთის ბაზრობა, არჯევანიძეების ტყე წაღვერში, მთაწმინდის პარკი, ხოლო გასულ შაბათ - კვირას - ისნის ბაზრობა, ლისის ტბა და ისევ ბორჯომის ხეობა, ამჟამად - სოფელი დაბა, რომელიც ამ წუთებშიც იწვის... არცერთი ხანძრის მიზეზი დადგენილი არ არის. სასოწარკვეთილებამდე მისული მოსახლეობა, მოვაჭრენი, რომლებსაც ბანკებში სესხები „ეწვით“, ერთბაშად გაღატაკდნენ. ზარალის საერთო ოდენობა ასობით ათასი დოლარია, ბუნებისთვის მიყენებული ზიანი კი დათვლას არ ექვემდებარება...
ვინ წვავს და რატომ წვავს? - ბოლო დროის ყველაზე ცხელი შეკითხვა „საქინფორმის“ მთავარ რედაქტორს, პუბლიცისტ არნო ხიდირბეგიშვილს დავუსვით:
- 2016 წლის 20 მარტს ცეცხლი წაუკიდეს წმინდა სამების ეკლესიას. მიზეზი დღემდე უცნობია, ხოლო ცეცხლის წამკიდებლები არ დასჯილან. გათავხედებული პირომანები ბაზრობებსა და სავაჭრო ცენტრებს გადასწვდნენ და ხვალ სად გაკრავენ ასანთს, არავინ უწყის...
- ანუ თქვენ გაქვთ საფუძველი, ამტკიცოთ, რომ ხანძრები, რომლებიც ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო, განზრახ იყო გაჩენილი და თანაც ერთმა და იმავე ხალხმა ჩაიდინა?
- 1933 წლის 27 თებერვალს ნაცისტებმა მალულად წაუკიდეს ცეცხლი რაიხსტაგს და თავადვე გამოიყენეს ეს ფაქტი ხელისუფლების დასადანაშაულებლად. ამის შედეგად გერმანიაში არეულობა დაიწყო, გაუქმდა ყველა სამოქალაქო უფლება, მათ შორის - სიტყვისა და პრესის თავისუფლება, მიწერ-მოწერის კონფიდენციალობა და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა. დაიხურა ოპოზიციური გაზეთები, დაწყო სხვაგვარად მოაზროვნეთა მასობრივი დაპატიმრება, რის შედეგადაც დამყარდა ფაშისტური დიქტატურა და ხელისუფლების სათავეში ჰიტლერი მოვიდა.
გერმანელი ნაცისტების შთამომავლები - ქართველი ნაციონალები - იმავე მეთოდებს იყენებენ მიშტლერის ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. 10 სექტემბერს უკრაინის საზღვრის გადაკვეთისას სააკაშვილს, როგორც ჩანს, დააპატიმრებენ და საქართველოში მის ექსტრადიციას მოახდნენ. ამიტომ სააკაშვილს ათასობით მომხრე სჭირდება, რომლებიც შტურმით აიღებენ ციხეს, სადაც მას ჩასვამენ. ახლანდელი ხელისუფლება ხომ, წინასგან განსხვავებით, ხალხს არ ესვრის და მომავალმა ტუსაღმა ეს გაითვალისწინა!
უფრო მეტიც, ბორკილდადებული სააკაშვილი უნდა იქცეს ბაირაღად და უკანასკნელ იმედად მათთვის, ვინც წვალებით შოულობს ლუკმაპურს თბილისის ბაზრობებზე. სწორედ ეს გაუბედურებული ხალხი წააბრძანებს მას ხელში აყვანილს ციხიდან ავლაბრის სასახლეში, თუკი სააკაშვილი თუნდაც დამწვარი ქონების ანაზღაურებას დაჰპირდება! ამასობაში ნასყიდი ჟურნალისტებიც მოირბენენ და ამერიკის ელჩიც...
- გამორიცხავთ უფრო პროზაულ ვერსიას - რომ ხანძრები, შესაძლოა, თავად ბაზრობის მფლობელებს გაეჩინათ, რათა დროულად მიეღოთ სადაზღვევო თანხა, ვინაიდან სახელმწიფო ისედაც აპირებდა ამ ქაოტური ბაზრობების დახურვა-ევაკუაციას კონტროლირებად სავაჭრო ცენტრებში? მფლობელების ხელშეკრულებები მოვაჭრეებთან კი საგანგებოდ არის ისე ეშმაკურად შედგენილი, რომ ამ დაზღვევიდან მათ არაფერი ეკუთვნით...
- ასეთი დანაშაული ან ცხელ კვალზე იხსნება, ან სამუდამოდ გაუხსნელი რჩება. ეს რომ პრიმიტიული საყოფაცხოვრებო აალება ყოფილიყო, მიზეზებსაც უმალ დაადგენდნენ. არა, ეს პოლიტიკური ხანძრები იყო, თანაც ცეცხლის წამკიდებელმა კარგად იცოდა, როგორ უნდა ემოქმედა, რომ ყოველ ნაბიჯზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ხედვის არეალში არ მოხვედრილიყო!
ვიმეორებ - ხანძრები თბილისში ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მომხრეებმა გააჩინეს, იმისთვის, რომ მოსახლეობაში ბუნტი გამოეწვია! როცა ადამიანებს დასაკარგავი არაფერი აქვთ, ისინი ნებისმიერ უკიდურესობაზე არიან წამსვლელი!
- ახლა მეც გამიჩნდა ისტორიული ასოციაციები, ოღონდ გაცილებით ახლო წარსულიდან. ამბობენ, საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე, როცა განსაკუთრებით გაუჭირდებოდა, თბილისში ხანძრების სერიას აწყობდა, რომელთაგანაც ყველაზე ცნობილი თბილისის ოპერის თეატრში 1973 წელს გაჩენილი ხანძარია.
- ალბათ, ისიც გეხსომებათ, რომ ამ ხანძრებში ამბროსიევიჩი თავის მოწინააღმდეგეებს ადანაშაულებდა და სამაგალითოდ სჯიდა! ასე რომ, მეთოდები იგივეა - ხანძარი, როგორც პოლიტიკური ბრძოლის საშუალება! აკი, შევარდნაძის საუკეთესო მოწაფემ - მიშა სააკაშვილმა, რომელმაც თავის პირველ შვილს საყვარელი მასწავლებლის პატივსაცემად ედუარდი დაარქვა, ეს გაკვეთილი „ხუთიანზე“ დაისწავლა!
- და რატომ არ ვარაუდობთ, რომ ხანძრების სერია წინასაარჩევნო პროვოკაციაა დედაქალაქის მერობის კანდიდატის და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახი კალაძის წინააღმდეგ? უბედური მოვაჭრეები ხომ ყველაფერში მმართველ გუნდს და ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებენ...
- თუკი ასეა, მაშინ ტყუილად ირჯებიან - კახი კალაძემ თბილისის მერის არჩევნებზე ჯერ კიდევ 2015 წლის ივნისში გაიმარჯვა, როცა ყელამდე ტალახსა და წყალში თბილისელებს სტიქიისგან გადარჩენაში ეხმარებოდა! ხოლო ვინც წყალს გაუმკლავდა, ის ცეცხლსაც დაამარცხებს!
- ანუ გინდათ თქვათ, რომ ენერგეტიკის ექსმინისტრი, რომელიც ცეცხლსა და წყალში გამოიწრთო, ოქტომბრის არჩევნებშიც გაიმარჯვებს?
- კალაძეს დღეს, პრაქტიკულად, ქართულ პოლიტიკაში კონკურენტები არ ჰყავს და თბილისის მერობა მხოლოდ საფეხურია სახელმწიფოს უმაღლესი პოსტისკენ. დიახ, კალაძე საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრია!
სახელოვან ქართველ სპორტსმენს შეეძლო მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში უზრუნველად ეცხოვრა, მაგრამ ის საქართველოში ბრუნდება და ჯერ წარმატებული ბიზნესმენი ხდება, შემდეგ კი - წარმატებული მინისტრი, რომელიც პირველივე დღიდან თავის კუთვნილ ძალიან სოლიდურ ხელფასზე ამბობს უარს!
სამაგალითო მეოჯახე კალაძე საკუთარი კეთილდღეობით რისკავს და ივანიშვილის გვერდით დგება, რათა თავისი სამშობლო ნეონაცისტი მიშტლერისგან იხსნას! ხალხს ეს ახსოვს და აფასებს!
- ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე უმაღლესი დონის ერთადერთი ქართველი ხელმძღვანელია, რომელსაც, შესაძლო უარყოფითი შედეგების მიუხედავად, „გაზპრომთან“ მოსალაპარაკებლად მოსკოვში რამდენჯერმე ჩაფრენის არ შეეშინდა…
- დიახ, ეს იყო რისკიანი გადაწყვეტილება, რომელიც, შესაძლოა, კარიერის ფასად დასჯდომოდა, მაგრამ აშშ-ის საელჩოში სწორად შეაფასეს კახი კალაძის სახელმწიფოებრივი ქცევა.
და კიდევ: მყისიერი პოლიტიკური დივიდენდებით ცდუნების მიუხედავად, კალაძე-პოლიტიკოსს ერთხელაც არ მიუცია საკუთარი თავისთვის შეურაცხმყოფელი გამოხდომების უფლება - როგორც პოლიტიკური ოპონენტების, ისე რომელიმე ქვეყნის, მათ შორის - რუსეთის მიმართ.
აი, ასე გამოჩნდა ქართულ პოლიტიკაში ქარიზმატული ლიდერი, რაც ხსნად მოევლინა უთავოდ დარჩენილ „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ივანიშვილისა და ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ გარდაუვალი კრახი მოელოდა!
- საქართველოს რაღა მოელის, ბატონო არნო?! დასასრულ კი ბოლო ათწლეულის ყველაზე პოპულარულ შეკითხვას დაგისვამთ: გვეშველება რამე?
- იმპერატორმა ნერონმა რომი გადაწვა, რათა დამტკბარიყო, როგორ ანადგურებდა ცეცხლი ძეგლებს, მათთან ერთად კი - დიადი ქალაქის წარსულს.
პრეზიდენტი სააკაშვილიც გამუდმებით ძეგლებს ებრძოდა - ხან აფეთქებდა, ხანაც სხვაგან გადაჰქონდა და ანადგურებდა, როგორც „საბჭოთა სიმბოლიკას“, რათა საქართველოს ისტორია მისგან დაწყებულიყო!
მიშტლერი ეროვნებათაშორის კონფლიქტებსაც აღვივებდა - ქართველებსა და რუსებს, აფხაზებსა და ოსებს შორის... ახლა, როგორც ჩანს, მან საქართველოს გადაწვა გადაწყვიტა, რათა ნერონივით დატკბეს და ერთდროულად „ხელი მოითბოს“...
- კი, მაგრამ ხანძარზე ხელის მოთბობას დამწვრობაც ხომ შეიძლება მოჰყვეს?
- პოლიტიკურად ნაცები არათუ დაიწვებიან, საბოლოოდ ცეცხლში ამოიბუგებიან კიდეც! რაც შეეხება თქვენს ბოლო შეკითხვას, აუცილებლად გვეშველება, თუკი ხელისუფლებაში სააკაშვილის მსგავსი ცეცხლის წამკიდებლები კი არა, აღმაშენებლები იქნებიან, რომელთა სულები სამშობლოსთვის იწვის!
გაზეთი „ასავალ-დასავალი“ №34
2017 წლის 21 აგვისტო
საქართველო, თბილისი