აქტუალური
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ დასრულდა

    საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. საერთაშორისო სწავლების დასრულება ვაზიანის მე-11 სასროლეთზე საჩვენებელი საველე სწავლებით აღინიშნა, სადაც ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს მონაწილეობა.
საჩვენებელ სწავლებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ევროპაში აშშ-ის არმიის G3-ის უფროსი, ბრიგადის გენერალი თიმათი დოჰერთი დაესწრნენ.
საჩვენებელი საველე სწავლების სცენარი თავდაცვით და კონტრშეტევით ამოცანებზე იყო დაფუძნებული. წვრთნებში მონაწილე მრავალეროვნულ ასეულს არაპირდაპირი ცეცხლით მხარდაჭერა საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარტილერიო ბრიგადის დანა ბატარეამ და ამერიკულმა საარტილერიო ბატარეამ გაუწიეს. ტანკსაწინააღმდეგო ამოცანების შესრულებისას აშშ-ის ევროპული სარდლობის II კავალერიის პოლკის სამხედროებმა პირობითი მოწინააღმდეგე ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს „ჯაველინით“ დააზიანეს. წვრთნაში ჩართული იყო ქართულ შეიარაღებაში არსებული T-72 ტიპის ტანკი, ამერიკული ტანკი „აბრამსი“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“. კონტრშეტევითი ამოცანების შესრულების დროს ძირითად ძალებს მხარი საინჟინრო გამრღვევმა მანქანამ „მიკლიკმა“ დაუჭირა, რომელმაც პირობითი მოწინააღმდეგის პოზიციებზე გასასვლელი გააკეთა.