საზოგადოება
„საქინფორმის“ რამდენიმე შეკითხვა მინისტრს, რომლის გვარი «ციხე“-თი იწყება

    საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე მავთულხლართების გაბმის  ფაქტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „კრემლი რეგულარულ პროვოკაციებს განაგრძობს“: ეს არის განგრძობადი ოკუპაცია, რეგულარული პროვოკაციები, როგორიც არის მავთულხლართებისა და ბანერების აღმართვა და მცდელობა, რომ დაიჩეხოს საქართველოს ტერიტორიები, უკანონო დაკავებები. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის ჯერ არ დასრულებულა! ეს ბრძოლა გრძელდება და აუცილებლად გაგრძელდება მშვიდობიანი ფორმით, ძალიან პრინციპულად, ძალიან მტკიცედ, ვიდრე ჩვენი მთავარი ამოცანა - ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანება არ იქნება მიღწეული“, - განაცხადა ციხელაშვილმა.
„საქინფორმს“ აინტერესებს: და რა გააკეთა ქეთევან ციხელაშვილმა, როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრმა? რისთვის უხდიან მას ასტრონომიულ ხელფასს, ხელფასზე დანამატს და პრემიებს? იოტისოდენად მაინც შეარიგა ქართველები აფხაზებთან და ოსებთან? შეხვედრია თუნდაც ერთხელ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რომელიმე ხელმძღვანელს პირისპირ, გარდა ჟენევაში გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის წარმომადგენლების თანდასწრებით შეხვედრებისა? არა! მაშინ როგორ წარმოუდგენია “თავისუფლებისთვის ბრძოლა მშვიდობიანი ფორმით” და „ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანება“?!
და რატომ არ იბარებს პარლამენტი მინისტრ ციხელაშვილს მისი ანგარიშის მოსასმენად, როგორც სხვა დანარჩენ მინისტრებს? იმის გამო ხომ არა, რომ რუსების ყოველდღიურ ლანძღვა-გინებაში მან თვით სააკაშვილსაც გაუსწრო, რაც საქართველოსთვის ყოველდღე ახალი ტერიტორიების დაკარგვით მთავრდება?!
საქართველოში ყველა ბანერი და მავთულხლართები არა რუსი მესაზღვრეების, არამედ მისი იდეოლოგიური გურუს - მიშა სააკაშვილის აღმართულია და თუ  ციხელაშვილს ამდენი არ ესმის, ის ციხეში მუშაობისთვისაც შეუფერებელია!
და საერთოდ - როგორ შეიძლება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრად, რომელიც „თავისუფლებისთვის მშვიდობიანად იბრძვის“,  მუშაობდეს ადამიანი, რომლის გვარი „ციხე“-თი იწყება?!