უცხოეთი
კრემლმა აფხაზეთის საკითხებზე ახალ კურატორად ვლადიმერ ვლადიმიროვი დანიშნა

    საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. კრემლში, დსთ- ქვეყნებთან თანამშრომლობის განყოფილებაში აფხაზეთის საკითხებზე ახალი კურატორი იმუშავებს. ის 31 წლის ვლადიმერ ვლადიმიროვია, რომელიც მანამდე მოსკოვის კულტურული ცენტრების განვითარების დირექტორი იყო. ინფორმაციას РосБизнесКонсалтинг-ი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
კურატორის ფუნქციებია: საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლი; საკურატორო ტერიტორიის სამართალდამცავ ორგანოებსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა; მუშაობა პოლიტიკოსებთან, დეპუტატებთან და საზოგადოებრივ ჯგუფებთან. გარდა ამისა, კურატორი ხელმძღვანელობს რუსეთ-აფხაზეთს შორის თანამშრომლობასა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დადებული შეთანხმების შესრულებას.
გამოცემის ცნობით, იანვარში ამ თანამდებობაზე რუსლან თემირბულატოვი განიხილებოდა, რომელიც თათრეთის პრეზიდენტთან დაახლოებული გუნდის წევრია. თუმცა კრემლში მის კანდიდატურაზე უარი თქვეს.

როგორც РосБизнесКонсалтинг-ი წერს, ვლადიმერ ვლადიმიროვის ბიოგრაფია აფხაზეთს არანაირად უკავშირდება. ის მოსკოვის საავიაციო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია; ხელმძღვანელობდა ახალგაზრდული პარლამენტარიზმის ცენტრს მოსკოვში. 2014 წელს რუსეთის საზოგადოებრივი პალატის არჩევნებში მონაწილეობდა. თავდაპირველად ის მოსკოვის კულტურული ცენტრების განვითარების დირექტორის პირველი მოადგილე იყო, შემდეგ კი დირექტორად დაინიშნა. ეს თანამდებობა მან 2017 წელს დატოვა.
როგორც წყარომ РБК-ს განუცხადა, ახლა "აფხაზეთში ბევრი შიდაპოლიტიკური პრობლემაა - გაყოფილი ელიტები, სხვადასხვა ჯგუფის პრეტენზიები პრეზიდენტთან", და ახალ კურატორის გამოწვევა სწორედ ამ საკითხების გადაწყვეტაა.