უცხოეთი
აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედს ბოლო მოეღო! - დიმიტრი მედვედევი

    საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. კრემლი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დოკუმენტზე ხელის მოწერას პასუხობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვერანაირი დაშინებით და ზეწოლით რუსეთს ვერ აიძულებენ აღებული კურსი შეცვალოს ან ეროვნულ ინტერესებზე უარი თქვას.
ტრამპის მიერ სანქციების შესახებ კანონპროექტის ხელმოწერის ფაქტს Facebook-ის საშუალებით ეხმაურება რუსეთის პრემიერ-მინისტრი. დიმიტრი მედვედევი წერს, რომ კანონპროექტის მიღებასთან ერთად, შეერთებულმა შტატებმა რუსეთს სრულფასოვანი სავაჭრო ომი გამოუცხადა. მისი მტკიცებით, ბოლო მოეღო თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედსაც, ტრამპი ადმინისტრაციამ კი თავისი სისუსტე გამოამჟღავნა, როდესაც აღმასრულებელი უფლებამოსილება დამამცირებელი სახით კონგრესს გადასცა.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს მდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით კი, დონალდ ტრამპის მიერ სანქციების ხელმოწერის ფაქტი არაფერს ცვლის, რადგან ისინი ძალაში ადრე თუ გვიან ავტომატურად შევიდოდა. რუსულ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში, ის ამბობს, რომ ამ დროისთვის რუსეთი შეერთებული შტატების წინააღმდეგ კონტრ-სანქციების მიღებას არ გეგმავს.