პოლიტიკა
პრეზიდენტ სააკაშვილის ტელეხიდი: რომელ შეკითხვებს არ გაეცა პასუხი...

prezidentmaგუშინ, 25 იანვარს, პრეზიდენტი სააკაშვილი რიგით მეორე ტელეხიდის დროს, რომელსაც საქართველოს ძირითადი ტელევიზიები გადასცემდნენ, საქართველოს მოსახლეობის კითხვებს თითქმის სამი საათის განმავლობაში პასუხობდა.

პროექტი სახელწოდებით „პრეზიდენტი პასუხობს შეკითხვებს“ თბილისის ტელესტუდიიდან გადმოიცემოდა. გადაცემას ორი წამყვანი ჰყავდა და აუდიტორიაში დამსწრე საზოგადოებაც შერჩეული. ჟურნალისტების ჯგუფი ცალკე სტუდიაში იყო მიწვეული. ტელეხიდის დროს პრეზიდენტისათვის კითხვების დასმა მოსახლეობას ელექტრონული ფოსტისა და ტელეფონის მეშვეობითაც შეეძლო, ხორციელდებოდა პირდაპირი ჩართვები რაიონებიდან.

ტელეხიდის ორგანიზატორი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვანი პირველი საინფორმაციო კავკასიური არხი (PIK), რომელმაც სატელიტური მაუწყებლობა იმ დღეს განაახლა.

მიუხედავად ამისა, სააკაშვილმა ზოგიერთ შეკითხვას პასუხი მაინც ვერ გასცა.

“თავისუფალ დემოკრატებს“ პრეზიდენტისგან სურდათ პასუხის მიღება მათ მიერ დასმულ ხუთ კითხვაზე, რომლებიც ძირითადად, სოციალურ და ადამიანის უფლებათა თემატიკას ეხებოდა.

კერძოდ, შეახსენა რა პარტიამ მიხეილ სააკაშვილს პენსიის 100 აშშ დოლარამდე გაზრდის სამი წლის წინანდელი წინასაარჩევნო დანაპირები, მოსთხოვა კონკრეტული პასუხი, თუ როდის მოვა შესაბამისობაში პენსიების ოდენობა საარსებო მინიმუმთან ან თუნდაც ინფლაციის პროცესთან და რატომ იზრდება ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებლები. ასევე, რაში იხარჯება სარეზერვო ფონდები? როდის დაინტერესდება პრეზიდენტი საქართველოში არსებული "უამრავი უკანონო პატიმრის“ ბედით? ვინ უნდა აგოს პასუხი "დევნილთა დევნაზე" და "კანონისა და ევროპული სასამართლოს მითითებების დარღვევით“ მათ გამოსახლებაზე?

შეეხნენ ვეტერანების პრობლემებსაც: “რა არ მოგეწონათ, როდესაც გმირთა მოედანზე ჩაიარეთ და ვეტერანთა კანონიერი აქცია დაინახეთ? ეკადრება თუ არა მთავარსარდალს, გასცეს ბრძანება კანონიერი პროტესტის გამომხატველი საკუთარი ჯარისკაცის დარბევის შესახებ?“ – ეკითხებოდენ "თავისუფალი დემოკრატები“ პრეზიდენტს.

დევნილთა პრობლემებსა და ანტიინფლაციურ გეგმებზე აინტერესებდათ ასევე პრეზიდენტის პასუხები ,,ახალ მემარჯვენეებს’’.

“მემარჯვენეები“ ასევე იმედს გამოთქვამდენ, რომ სააკაშვილი 2013 წელს, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, შეცვლილი კონსტიტუციის ფარგლებში უმაღლესი თანამდებობის დაკავებას აღარ დააპირებს, თუმცა ეკითხებოდენ: „ორი ვადის ამოწურვის შემდეგ რამდენ მილიარდიანი ვალი დარჩება საქართველოს და შეუქმნის თუ არა ეს საფრთხეს ქვეყნის ფინანსურ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს?“.

თავიანთ მეოთხე შეკითხვაში ახალი მემარჯვენეები პრეზიდენტს „ქამრების შემოჭერის“ დეკლარირებულ პოლიტიკას ახსენებდნენ და ეკითხებოდნენ:„რატომ არ ასრულებთ საკუთარ დაპირებას, რომ არც საკუთარ თავს და არც მაღალჩინოსნებს არ მისცემდით უფლებას, ხალხზე უკეთ ეცხოვრათ და მუდმივად გააკონტროლებდით მათ შემოსავლებს?

პარტია ასევე ითხოვდა, რომ პრეზიდენტმა ტელეხიდის ფორმატში საჯაროდ უარყოს ინფორმაცია, რომ აპირებს "ბოინგ 787–ის“ ყიდვას, რომლის ყველაზე იაფი მოდელის ფასი 150 მლნ ამერიკული დოლარია“.

ლეიბორისტულ პარტიის ერთადერთი შეკითხვა პრეზიდენტისადმი მის გადადგომას შეეხებოდა.

"დღეს ჩვენი სამშობლოს უბოროტესი მტერი, პრეზიდენტად თვითწოდებული, ხალხის შიმშილობით გამაძღარი არსება საკუთარი ტელევიზიებიდან აწყობს მორიგ ფარსს, სახელწოდებით ,,კითხვა-პასუხი’’ და ამ დროს სრულიად საქართველოს სააკაშვილთან აქვს ერთადერთი კითხვა – ამდენი ნგრევის, დაშლის, სისხლის შემდეგ როდის გადადგება უკანონოდ მიტაცებული თანამდებობიდან, ანუ გასაგები ენით თუ ვიტყვით, როდის წაეთრევა პრეზიდენტობიდან,“– განაცხადა შალვა ნათელაშვილმა იმავე დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე.